ოდას ტიპის ორი საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა რაჭაში    

თანამედროვე საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში სულ უფრო მეტად იყენებენ  ძველი ხალხური მშენებლობის პროგრესულ ტრადიციებს, როგორიცაა კედლის კარადები და ნიშები, დიდი საერთო ოთახი, გამოყოფილი როგორც თავისი ზომებით, ისე კომპოზიციურად, გასაშლელი ან მოსახსნელი კარები ოთახებს შორის, ან დიდ ოთახსა და ლოჯიას შორის, რაც საჭიროების შემთხვევაში მათ გაერთიანების საშუალებას იძლევა: გვხვდება აგრეთვე ისეთი გადაწყვეტა, როდესაც შენობის მთელი შიგა სივრცე შედგენილი 3-4 და მეტი ოთახისაგან, ერთიანდება ერთ დიდ ოთახად - დარბაზად. დარბაზში რჩება მხოლოდ კონსტრუქციული ელემენტი - საყრდენი.
საქართველოს სხვადასხვა რაიონში არის მრავალი ასეთი გადაწყვეტა, რომლებიც სასურველია დაინერგოს მასობრივი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში.
ჩვენს მიერ აზომილია ორი საცხოვრებელი სახლი ქვემო და ზემო რაჭაში. სოფელ ხვანჭკარაში(ამბროლაურის რაიონი) გელა ყიფიანის ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში ყველა დამხმარე სამეურნეო სათავსი - „პალატი“, „მარანი“ და სხვა - გამოტანილია საკარმიდამო ნაკვეთზე. შენობაში ოთახები განლაგებულია ერთგვარად; შუა დიდი ოთახი (სასტუმრო) ფართობით 40 კვადრატული მეტრია.

gela yifianis sacxovrebeli saxli (sof. xvanWkara) gegma da Wrili

სამივე ოთახში უკანა კედლის სისქეში მოწყობილია ბუხარი. შენობას მიშენებული აქვს ხის ლოჯია ორი პატარა ოთახით, რომლთა კედლის ფიცრები კუთხეებში დამაგრებულია ჭდობით „ქილიქების“ საშუალებით.
წინათ, გელა ყიფიანის აღწერით, ამ სახლს ჰქონდა მეორე სართული. მთელი შენობის სიგრძეზე მოწყობილი იყო ხის ღია გადახურული საზაფხულო დარბაზი ზეიმებისათვის, რომელსაც ეწოდებოდა „სალხინო“.
„სალხინოს“ ერთი მხრით ჰქონდა მთავარი შესასვლელი, მეორე მხარეს კი დამხმარე ორმარშიანი კიბით დაკავშირებული იყო მარანთან და სამზარეულოსთან. მთავარი შესასვლელი, გარდა ეზოსი, დაკავშირებული იყო, აგრეთვე, შენობის საცხოვრებელ ოთახთან.
„სალხინო“ ზეიმების გარდა, გამოყენებული იყო დასასვენებელ ადგილად, ხშირად მას იყენებდნენ აგრეთვე ხილის გასაშრობად. ზამთრის პირობებში მისი გამოყენების შემთხვევაში, საყრდენებს შორის ეწყობოდა სპეციალური ჩასადგმელი სამსაგდულიანი ფანჯრები.
კონსტრუქციულად „სალხინო“ გადაწყვეტილი იყო შემდეგნაირად: მისი ხის სვეტები ერთ მხარეს ეყრდნობოდა კაპიტალურ კედელს, მეორე მხარეს კი - ძირითად კოჭს, „დიერეს“, დაყრდნობილს სართულშუა გადახურვის კოჭებზე, რომლებიც მთელ სიმძიმეს თანაბრად ანაწილებდა.
ანალოგიური ღია, ზემოდან გადახურული, საზაფხულო დარბაზი ბავშვებისა და დიდების დასასვენებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე თანამედროვე მშენებლობაში, როგორც მცირე, ისე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებისათვის.
ასეთი დარბაზების გამოყენება კიდევ უფრო მიზანშეწონილია სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო შენობისათვის (კლუბებისათვის, სამკითხველოებისათვის, სკოლებისათვის და სხვა).
მეორე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის ვერა სულთანიშვილს (სოფელ გლოლა ონის რაიონი) რელიეფის გამო, ქუჩის მხრიდან იგი ერთსართულიანია, ფასადზე გამოდის მხოლოდ ერთი კარი, დაკავშირებული მეორე სართულის ლოჯიასთან.
ეზოს მხრიდან შენობა ორსართულიანია.

vera sulTaniSvilis saxlis gegma da Wrili. (sof. glola)

შენობის ორივე სართულზე ლოჯია მოთავსებულია, ორ დამოუკიდებელ საცხოვრებელ ოთახს შორის თვითოეულის ფართობი შეადგენს 13, 28 კვადრატული მეტრი. ქვის კედლის სისქე 65 სანტიმეტრია. ლოჯიას სიგრძე - 3,80 სიგანე - 4,10მეტრო. პირველ სართულზე ლოჯია ორად არის გაყოფილი და ყოველ ნაწილს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. საცხოვრებელი ოთახები ნათდება პატარა ფანჯრების საშუალებით. კედლის სისქეში, ნიშებს შორის, მოწყობილია ბუხარი.
მეორე სართულზე ლოჯიის სიგანე 1,50 მეტრით იზრდება კონსოლური ხის აივნით, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ ოთახებს ლოჯიასთან. აივნის მთელ სიგრძეზე მოაჯირს მიყვება გადმოწეული დასაჯდომი, რომლის სიგანეა 50 სანტიმეტრი, ხოლო სიმაღლე იატაკიდან 45 სანტიმეტრი, მოაჯირი გაფორმებულია ხის სწორკუთხა რიკულებით. კონსოლურ აივნისა და ლოჯიის ფართობი ერთად შეადგენს 37 კვადრატულ მეტრს.
პირველ სართულზე მიწის იატაკია; მოწყობილი აქვთ სპეციალური ორმოები (აღნიშნულია პუნქტირით), რომელიც გამოყენებულია, როგორც მაცივარი პროდუქტებისთვის. მეორე სართულზე როგორც საცხოვრებელ ოთახებს, ასე ლოჯიასა და აივანს, ხის იატაკი და ჭერი აქვს.

vera sulTaniSvilis sacxovrebeli saxli

შენობის კონსტრუქცია შემდეგია: კედლები ქვისაა, მეორე სართულის და სხვენის ძირითადი კოჭები დაყრდნობილია კაპიტალურ კედლებზე და გამოწეულია კედლის ზედაპირიდან 1,50 მეტრი კონსოლის სახით. კონსოლზეა დაყრდნობილი სვეტები, რომელთა ძირსა და თავებს მიჰყვება შემკვრელები მთლიან კოჭების სახით, მათი სიგრძეა14,0 მეტრი ზედა შემკვრელზე ეწყობა ნივნივები, გადმოწეული მისგან 1,0 მეტრზე მეტით, ზემოთ ლარტყებზე ყავარი დამაგრებულია  ჩვეულებრივი ქვებით.
უნდა აღინიშნოს საცხოვრებელი ოთახებისა და საზაფხულო სათავსების (ლოჯიას და აივნის) მოხერხებული გეგმარებით ორგანიზაცია, აგრეთვე აივნის მთელ სიგრძეზე დასაჯდომის მოწყობა.
ეზოს ტერიტორიაზე, როგორც პირველ შემთხვევაში, შენობიდან გამოტანილია დამხმარე სათავსები: სამზარეულო, საოჯახო ფურნე, და ორსართულიანი სამეურნეო ნაგებობა რომლის პირველი სართული ქვისაა და შიგ მოწყობილია ბოსელი, მეორე სართულზე საბრძელია.
საინტერესოა ამ ნაგებობის საბრძლის კონსტრუქცია. მიუხედავად იმისა, რომ მორები კუთხეებში ჩამაგრებულია ნაშვერიანი ჭდობით, კედლებში, საცხოვრებელი სახლებისაგან განსხვავებით, სპეციალურად დატოვებულია მორებს შორის სიცარიელე საბრძლის გასანიავებლად, რაც შეეფერება მის ფუნქციურ დანიშნულებას.
ანალოგიური კონსტრუქცია იმავე დანიშნულების სამეურნეო ნაგებობისა გვხვდება, როგორც ეს ა. დანილიუკის შრომის 49 გვერდზეა მოყვანილი, ჩრდილოეთ უკრაინაში, საბძელ-კალოების - „კლუნების“ სახელწოდებით.
ა. დანილიუკი აღნიშნავს, რომ „საბძელი-კლენი ცალკე მდგარი ნაგებობაა, რომელსაც იყენებენ თივისა და ძნის შესანახად, გასალეწად და გასანიავებლად“. იქვე ვკითხულობთ, რომ „კლუნებს აგებდნენ მთლიანი, ან შუაზე ნაპობი მორებისაგან, ძელებისაგან, კუთხეებს აერთებდნენ უბრალო ჭდობით, ხურავდნენ ჰორიზონტალურ-გვირგვინული სისტემის პირამიდული სახურავით. გადახურვის ყოველი რიგის ძელი წინასთან შედარებით უფრო მოკლე იყო, რის გამოც სახურავი ზემოთკენ ვიწროვდება.“
ა. დანილიუკი ნაგებობის კედლებისა და სახურავის მორების განიხილავს როგორც ერთ მთლიანს და ამიტომ მთელ შრომაში მხოლოდ ერთხელ აღნიშნავს, რომ მორების „კუთხეებს აერთიანებდნენ უბრალო ჭდობით“. ეს უბრალო ჭდობა წარმოადგენს ჩვეულებრივ ჭდობას ნაშვერებით, რომლითაც გამაგრებულია აღნიშნული ნაგებობის როგორც კედლების, ასევე პირამიდული სახურავის მორების კუთხეები, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კედლის კუთხეებში ღრმა ჭდობაა განხორციელებული, სახურავის მორებისა კი ნაკლები სიღრმისაა, რაც საკმარისია დაქანებული სახურავის სიმტკიცისათვის.
ეს მსგავსება მიგვანიშნებს, რომ ჭდობები ნაშვერებით მორებიან კედლებისათვის ითვლებოდა ძირითად კონსტრუქციად, როგორც ჩვენთან, საქართველოში, ასევე სხვა მხარეებშიც, რაც მტკიცდება არქეოლოგიური გათხრებით.
მოყვანილი ორივე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა ორიგინალური არქიტექტურულ-გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტებით, საჭიროა შევინარჩუნოთ როგორც საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრების ძვირფასი ნიმუშები.
 



სტატიის ავტორი – ვალერიან გაგოშიძე;
მასალა აღებულია ჟურნალიდან – „ძეგლის მეგობარი“ N51, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1979 წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014