ქრისტიანობის ოფიციალურად ცნობას ლაზიკაში წინ უძღვოდა სამსაუკუნოვანი ტრადიცია ახალი რელიგიის იდეოლოგიის გავრცელებისა. იდეოლოგიის გავრცელების ცენტრებს დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ქალაქები წარმოადგენდნენ. მათ დამცველ გარნიზონებში ფარულად ბევრი მისდევდა ქრისტეს მცნებას, რაც დასტურდება ბიჭვინთის, ციხისძირის და სოხუმის ნაქალაქებზე აღმოჩენილი ქრისტიანული სიმბოლოკით შემკული არტეფაქტებით.
ლაზიკაში ახ. წ. I საუკუნეში ქრისტიანული ტრადიციით მოღვაწეობდნენ ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი, მათათა, რომლებიც ქადაგებისათვის აქაურ თემებს უნდა მოეწვიათ. ამგვარად, ახალი იდეოლოგია ადგილობრივ მოსახლეობაში გზას იკვალავდა ზღვისპირა ქალაქებიდან, სადაც ახ. წ. III სს. უკვე ცხოვრობდნენ ქრისტიანები. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ადრექრისტიანულ კერას ბიჭვინთა წარმოადგენდა, სადაც უკვე IV საუკუნის პირველ მეოთხედში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა შესაბამისი საეკლესიო იერარქიით. ამ საეპისკოპოსოს დიდი სამისონერო მოღვაწეობის შედეგია შემდგომ ბიჭვინთის ციხე-ქალაქსა და მის შემოგარენში აგებული IV-VI სს ქრისტიანული ტაძრები (ალახაძი, ბიჭვინთის საავადმყოფოს ეზოს სამაბსიდიანი ტაძარი), რომლებიც პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას უნდა დავუკავშიროთ.
გარდა ბიჭვინთისა ამ პერიოდის ეკლესიები გამოვლენილია ლაზიკის რიგ პუნქტებშიც: ციხისძირი, ნოქალქევი , სეფითი, განთიადი. ციხისძირის სამნავიან ბაზილიკას ყველა მკვლევარი VI ს. ათარიღებს და თვლის, რომ იგი წარმოადგენდა პეტრას საკათედრო ტაძარს. მათი აზრით, ამით იხსნება მისი განსაკუთრებით დიდი ზომები, რითაც იგი გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს თანადროული ბაზილიკებისაგან (ბიჭვინთა, ვაშნარი).
სამნავიანი ბაზილიკის სამხრეთი ნავის შიგნით და გარეთ აღმოჩნდა კიდევ უფრო ძველი ნაგებობის კედლები, რომლის ნანგრევებზედაც დგას სამნავიანი ბაზილიკა. არსებობს ვარაუდი, რომ იგი ამ უბანზე არსებული ყველაზე ძველი ეკლესიის ნაშთს წარმოადგენს.
უკვე ორი წელია თსუ არქეოლოგიის დეპარტამენტი საქართველოს საპატრიარქოს ეროვნული მემკვიდრეობის ფონდ ,,ტაძართან” და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აწარმოებს ძეგლის გაწმენდას, გასუფთავებასა და გათხრას (ხელმძღვანელები: პროფ. ზ.კვიციანი; პროფ. გ.გრიგოლია). 2007 და 2008 წლების კამპანია მნიშვნელოვანი აღმოჩენებით დამთავრდა, მათგან აუცილებლად გამოვყოფდით
შიდაციხის ცენტრში მდგარი მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიის საკურთხეველში არმოჩენილ მოაზაიკური იატაკის ფრაგმენტებს სიცოცხლის ხის ვაზის გამოსახულებით. თარიღი VI საუკუნე. პეტრა-ციხისძირის მოზაიკა თამამად უდგება გვერდში ბიჭვინთის, შუხუთის, ბირ-ელ-კუთის ქართული მონასტრის მოზაიკის თანამედროვე ნიმუშებს (შესაძლოა უფრო ადრეულიც) და მათთან ერთად წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უძველეს მხატვრულ არქიტექტურულ შედევრს. ახალი არქეოლოგიური მასალების მიხედვით ამჟამად შეიძლება უკვე კრიტიკულად შევხედოთ იმ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც (დიუბეა დე მონპერე, მარი ბროსე, ჟან მურიე, ვეიდენბაუმი, ს. ყაუხჩიშვილი და სხვა) პეტრას აშენება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს დროს მიეწერებოდა (ახ.წ. VI ს. პირველი ნახევარი). ბოლო წლებში განხორციელებულ არქეოლოგიურ კვლევაძიების შედეგად დაბეჯითებით შეიძლება ითქვას იმის შესახებ, რასაც პროკოფი კესარიელიც შენიშნავდა, რომ იუსტინიანემ ძველი
ციხე-ქალაქი გააფართოვა და გაამშვენიერა. პროკოფი კესარიელთან დაცულია ერთი საინტერესო ცნობა, სახელდობრ ის, რომ იუსტინიანე მეფემ ჭანეთისა და ლაზეთის სხვადასხვა პუნქტებში გარკვეული სააღმშენებლო სამუშაოები ჩაატარა, მათ შორის მოხსენიებულია, რომ: `გარდა ამისა, ქრისტიანეთა ეკლესიაც განაახლა ლაზიკეში – ძველიც იყო და ნაგებობაც დაზიანებული”.
აღნიშნული ეკლესიის განახლებაზე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი თვლის, რომ აქ იგულისხმება არქეოპოლის-ნოქალაქევში დღემდე დაცული “ორმოცი მოწმის” ეკლესია (დიუბუა დე მონპერე, ს.ყაუხჩიშვილი), გ. ჩუბინაშვილი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას იმის გამო, რომ მას ნოქალაქევის ეკლესია არქიტექტურული ნიშნებით V საუკუნეში აგებულად მიაჩნია, ეთანხმება რა ძირითადად იუ. კულაკოვსკის აზრს, შესაძლებლად თვლის, რომ ეს უნდა იყოს იუსტინიანეს მიერ აფხაზეთში აგებული ღვთისმშობლის ტაძარი.
ჯერ კიდევ 60-იან წლებში პეტრა-ციხისძირის გამთხრელმა ა. ინაიშვილმა გამოთქვა ვარაუდი პეტრა-ციხისძირში იუსტინიანეს მიერ ეკლესიის განახლება-გაფართოებაზე იგი წერს: “რამდენადაც ამჟამად პეტრაში, კერძოდ მისი ციტადელის საკულტო ნაგებობებისბაზილიკების უბნის გათხრების 1962-1964 წწ. მონაცემები გვიჩვენებს, გამორიცხული არ არის შესაძლებლობა, რომ იუსტინიანეს სწორედ პეტრაში ძველი ადგილობრივი ციხის გაფართოება-გამშვენიერებასთან ერთად მისი საეკლესიო ტაძარიც გაეახლებინოს და გაეფართოებინოს”........ VI საუკუნის ბაზილიკის იმ გრანდიოზულ მშვენიერ ნაგებობას, წინ შეიძლებს უძღოდეს შედარებით ადრეული, მეხუთრ საუკუნის ეკლესიის ნაშთები, ამის სასარგებლოდ ჯერ-ჯერობით მეტყველებენ ადრეული პერიოდის
შემცველი ფენებიო.
წლების მანძილზე განხორციელებული არქეოლოგიური კვლევის ძიების შედეგად პეტრაზე ოთხი კულტურული ფენა გამოვლინდა, რომლებიც სამოსახლოზე ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს შეესაბამება. ადრეული მეოთხე ფენა - წინაანტიკური მასალების შემცველია. მესამე ფენა ადრეანტიკური ხანის ადგილობრივ კოლხურ მასალებთან ერთად შეიცავს იმპორტულ კერამიკას. სამოსახლოს მეორე ფენა ელინისტურ ხანას შეესაბამება – შავლაკიანი კერამიკა, იმპორტული ამფორები, ადგილობრივი კოლხური ყავისფერკეციანი ამფორები და სხვა. სამოსახლოს პირველი ფენა გვიანანტიკურ ხანას განეკუთვნება. ამ ფენაში მოიპოვება, როგორც რომაული ხანის (III-IV სს) ამფორათა ნატეხები, რომელთა ანალოგები ფართოდ არის დადასტურებული ჩრ. შავიზღვისპირეთის რომაული ხანის ძეგლებზე, მოპოვებული წითელლაკიანი კერამიკა ახ. წ. IV-V სს. ფართოდ გავრცელებული ჭურჭლის ფორმებითაა წარმოდგენილი.
ციხისძირში მოპოვებული კერამიკული ნაწარმის ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღნიშნულ მასალაში წამყვანი ადგილი უჭირავს კერამიკულ ტარას-ამფორებს, რომლებიც ახ. წ. IV-VI სს. თარიღდება, წითელლაკიანი კერამიკის ნიმუშის ასაკი კი IV-Vსს. განისაზღვრება საერთოდ პეტრაციხისძირის კულტურულ ფენაში, რომელიც ზოგადად IV-VI სს განეკუთვნება, ჭარბობს IV-V სს. მასალები.
ასევე სანერგის ტერიტორიაზე I და II უბანზე 1983-87 წწ. აღმოჩენილი არქიტექტურული ძეგლები (აბანოები), კულტურულ ფენაში მოპოვებული მასალები (კერამიკა, მინის ჭურჭელი, მონეტები, დამღიანი აგური) და სამარხეული კომპლექსები (ამფორა სამარხები), ასევე აქვე გვხვდება ადრეფეოდალური ხანის იმპორტული და ადგილობრივი კერამიკის (კრამიტი, წითელშეზნექილი ამფორები და სხვა) ფრაგმენტები.
ციხისძირის მინის ჭურჭლის ყველაზე ადრეული ნიმუში, რელიეფური წიბოებით შემკული მოცისფრო გამჭვირვალე მინის ფილა, ახ. წ. I. ს. თარიღდება და შესაძლოა იტალიკურ ნაწარმს განეკუთვნება. მომდევნო ქრონოლოგირ ჯგუფს ქმნის გრავირებულ გამოსახულებიანი ჭურჭელი. იგი წარმოდგენილია სამი ფრაგმენტით, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გრავირების ხერხებითა და შემკულობის სახეებით. ხსენებული ჭურჭლების თარიღი ახ. წ. IV საუკუნეა, ახ. წ. IV ს. თარიღდება ციხისძირის სამაროვანზე აღმოჩენილი უნიკალური ჭურჭლები (რელიეფური ოვალებით შემკული ფიალა და სანელსაცხებლე), რომელთაც პარალელები ძნელად ეძებნებათ. ახ. წ. IV ს. მეორე ნახევრით და V საუკუნის დასაწყისით თარიღდება ციხისძირის მინის ჭურჭლის დიდი ნაწილი: ხალიანი მინა, რომელიც წარმოდგენილია შავი ზღვის აუზში გავრცელებული სამივე ტიპის ჭურჭლით, ფერადი მინის ძაფითა და სპირალური ცრუ ძაფებით მორთული, აგრეთვე ფიჭისებურორნამენტიანი ჭურჭლები. მოყვანილობით, შემკულობის ხასიათით, მინის ხარისხითა და ფერით მსგავსი ჭურჭლების (ხალიანი და ფიჭისებურორნამენტიანი) ფრაგმენტები დიდი რაოდენობითაა მოპოვებული ბიჭვინთაში, ხოლო მთელი ნიმუშები კარგად არის წარმოდგენილი წებელდის სამარხებში (Тралиш)
ციხისძირში წარმოდგენილი მინის ჭურჭლის დიდი ნაწილი ფორმებით, დამუშავების ხერხებით, შემკულობის მოტივებით და სახეებით, აგრეთვე მინის ხარისხითა და ფერით გვიანდელ (ახ.წ. 256 წლის შემდგომი ხანის) სირიულ-პალისტინურ პროდუქციასთან იჩენს
მსგავსებას.
განხილული მინის ჭურჭლის მიხედვით პეტრა-ციხისძირის ნაქალაქარის კულტურული ფენის ასაკი ზოგადად ახ. წ. IV-VI სს. განისაზღვრება. ინვენტარის ანალიზის საფუძველზე ციხისძირში გათხრილი ადრეული ორმოსამარხები ახ. წ. III ან IV ს. დასაწყისით თარიღდება, ხოლო ყველაზე გვიანდელი ახ.წ. Vს. VI ს. პირველი ნახევრით, რაც შეეხება უინვენტარო ამფორა-სამარხებს, ამფორების ტიპოლოგიაზე და ერთერთ სამარხში აღმოჩენილი ფიბულის მიხედვით, ისინი ზოგადად ახ.წ. IV-V სს. მიეკუთვნებიან.
ამრიგად ციხისძირში აღმოჩენილი სამარხების ასაკი ზოგადად ვრცელი ქრონოლოგიური პერიოდით ახ. წ. III-VI სს. განისაზღვრება, თუმცა მათი უმრავლესობა ახ.წ. IV-V სს
განეკუთვნება. როგორც ჩანს ციხისძირის სამოსახლოს ბორცვზე ცხოვრება დაწყებულა ძვ. წ. IX ს-ში და თითქმის უწყვეტად გრძელდებოდა ადრეფეოდალურ ხანაშიც (ახ. წ. VI ს), როდესაც აქ ლაზიკაზე ბიზანტიის ბატონობის პერიოდში ბიზანტიელთა მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკურ და საეკლესიო ცენტრი-ქალაქი პეტრა დაარსდა.
პეტრა ციხისძირის მიდამოებში გვიანბრინჯაო-ანტიკური ხანის სამოსახლოს დადასტურებით. ძველი ბაზილიკის სამხრეთ კედლის მშენებლობაში წყობისა და ფორმის მიხედვით მეტი დასაბუთება ეძლევა პროკოფი კესარიელის ცნობას იმის შესახებ, რომ ბიზანტიელებმა პეტრა ძველი, უმნიშვნელო ციხის ბაზაზე ააშენეს. ამრიგად, ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ პეტრა-ციხისძირის ყველაზე ძველი ბაზილიკა აშენებულია იუსტინიანამდე (527-565) სავარაუდოდ V საუკუნის მეორე ნახევარში.
ნოქალაქევის პირველი ბაზილიკა ერთაფსიდიანი კაპიტალური ნაგებობა იყო, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაგებობებიდან ანალოგიურია ბიჭვინთის ერთი
ნაგებობა, რომელსაც გამთხრელები ~ცალნავიან ბაზილიკას” უწოდებენ და IV საუკუნის პირველი მესამედით ათარიღებენ.
სამნავიანი ბაზილიკა შვერილაფსიდიანია, შვერილაფსიდიანობა დამახასიათებული ე.წ. ელინისტური ბაზილიკისათვის, რომელსაც რომაული ხანის საქრისტიანოს სხვა ქვეყნებშიც ვხვდებით. ასევე იგი დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსთვის. აქ აღმოჩენილი ათი ბაზილიკადან აფსიდი ყველგან შვერილია. შვერილი აფსიდი ლაზიკაში შემდგომ პერიოდისათვისაც არ არის უცხო, ასეთ აფსიდებს ვხვდებით ისეთ ძეგლებში, როგორიცაა გელათი, ხობი და სხვ.
შვერილი აფსიდი არ არის ერთნაირი, გვხვდება წახნაგოვანი და ცილინდრული. ნოქალაქევის ბაზილიკა წახნაგოვანია და იგივეს იმეორებს დასავლეთ საქართველოს ძეგლების უმრავლესობა - ვაშნარის, ციხისძირის, განთიადის და ბიჭვინთაში გათხრილი ოთხი ტაძრიდან სამი.
შვერილი აფსიდების წარმოშობისა და გავრცელების საკითხი განხილული აქვს გ. ჩუბინიშვილს. მან აღნიშნა საქართველოში სად და რა დროსაა ეს ფორმა გავრცელებული და რამდენ ხანს იყენებდა მას ქართველი ოსტატი. მაშინდელი წინა აზიის ქვეყნებისთვის იგი დამახასიათებელი ყოფილა. ჩუბინიშვილის აზრით, ასეთი ფორმის გაჩენა დასავლეთ საქართველოში შესაძლოა ყველაზე მეტად დავუკავშიროთ ბიზანტიის გარკვეულ გავლენას.
ნოქალაქევის სამნავიანი ტაძრის აფსიდის შიდა მოხაზულობა აშკარად ნალისებურია. ნალისებური აფსიდა აქვს ციხისძირისა და სეფიეთის ტაძრებსაც, ასევე ოდნავ შესამჩნევი ნალისებურება ახასიათებს ~ორმოცმოწამეთა” ეკლესიის აფსიდას; არის კიდევ ბიჭვინთის მოზაიკიან ეკლესიასთაან დასავლეთით მიდგმული მეოთხე ეკლესია. ამ ეკლესიას ხუთგვერდა შვერილი აფსიდა აქვს და შიგნით მკვეთრად გამოხატული ნალისებურია. ეკლესიას ი. ციციშვილი VI ს-ის პირველი მესამედით ათარიღებს. ნალისებური აფსიდების გამოყენების ასეთივე სურათი აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება: უკვე VI საუკუნიდან (ნეკრესი, ზეგანი დას ხვ.) კახეთში, ამ ფორმას დიდი გამოყენება აქვს V-VI საუკუნეებში. ასეთი ძეგლებიდან შეგვიძლია დავასახელოთ: მატაანის ცხრაკარა, კაწარეთის სამება, ნატკორა, ნათლისმცემელი, ხირსა და სხვ.
ასეთივე სურათია იმდროინდელ ქართლში – ნალისებური აფსიდის დახვეწილ სახეს ვხვდებით ისეთ მნიშვნელოვან ძეგლებში, როგორიცაა ბოლნისი, ურბნისი, ანჩისხატი და სხვ. ამ ეკლესიებს გ.ჩუბინაშვილი V ს-ის ბოლოთი და VI ს-ის დასაწყისით ათარიღებს.
ჩანს, რომ საქართველოში ნალისებური აფსიდისა და საერთოდ ნალისებური თაღის გავრცელების ყველაზე ინტენსიური პერიოდია IV-VI საუკუნეები; თუმცა იგი კიდევ დიდხანს გამოიყენებოდა, თითქმის ასეთივე განვითარების გზა აქვს მას სომხეთშიც, მართალია რომაული ხანის წინა აზიის ქვეყნებში ნალისებრ ფორმას ვხვდებით, მაგრამ არა ისე ინტენსიურად, როგორც ეს საქართველოშია, რაც აქ საეკლესიო მშნებლობის თავისებურების მაჩვენებელია. როდესაც თაღის ნალისებურ ფორმაზეა ლაპარაკი აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ წრის ნალისებური მოხაზულობა თავის ~კლასიკურ” სახეს მხოლოდ V-ს-ის ბოლოს აღწევს (ბოლნისი, ურბნისი, წყაროსთავი).
ნოქალაქევის სამნავიან ბაზილიკაში კი ეს ფორმა არ არის სრულყოფილი, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ აღნიშნული ბაზილიკა ზემოჩამოთვლილ ძეგლებზე ადრე უნდა იყოს აგებული.
ლაზიკაში შემორჩენილი ადრე ქრისტიანული ტაძრების ფრაგმენტებით თუ ვისმჯელებთ, ძველი ეგრისის ტერიტორიაზე მდებარე ბაზილიკებს ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ. უპირველესად უნდა აღინშნოს მათი სამნავიანობა. სამნავიანია იმ ეპოქის დასავლეთ საქართველოს ეკლესიათა აბსოლუტური უმრავლესობა.
სტატიის ავტორი – ზვიად კვიციანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანობის ისტორიის მიმართულება და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (თბილისი).
მასალა აღებულია წიგნიდან – „ქრისტიანობის კვლევები“, III. გამომცემლობა `უნივერსალი~, თბილისი 2009წ.
|