ისეთი ძეგლის დასახელება, რომელიც შეიძლება ზუსტად VII საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნოს, ძნელია, მაგრამ VIII და IX საუკუნეებისათვის კარგი მაგალითები არის. პირველ რიგში განსახილველია სამშვილდის დიდი საეპისკოპოსო ტაძარი. სამშვილდე ოდესღაც აყვავებული ქალაქი იყო, რომელიც შემდეგ დაცარიელდა და დღეს ნანგრევების სახით-ღა დგას. თვით ტაძარი, მსგავსად რამდენიმე სხვა ცნობილი ძეგლისა, სიონად წოდებული, აგრეთვე დანგრეულია. წინა ხანის ძეგლთაგან სამშვილდე ყველაზე ძალიან წრომის ტაძარს ენათესავება: ძირითადი სივრცე აქაც წარმოადგენდა აღმოსავლეთ-დასავლეთით წაგრძელებულ სწორკუთხედს, რომელიც აღმოსავლეთის მხარეს აფსიდებიანი საკურთხევლით, სადიაკვნითა და სამკვეთლოთი მთავრდებოდა. გუმბათი აქაც ოთხ ბოძს ემყარებოდა. წრომისაგან განსხვავებით, ტაძარს სამხრეთითა და ჩრდილოეთით მისდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთ ბოლოში დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. ამგვარად გეგმა აქ შედარებით გართულებულია. გარეგნობაც მოგვაგონებს წრომს: აღმოსავლეთ ფასადზე ნიშებია შუა სარკმლის ორ მხარეს, მაგრამ არის ნიშების მეორე წყვილიც. IV-VII საუკუნეების არქიტექტურასთან სამშვილდის სიონი ჯერ კიდევ დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით.
მკლევარნი სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამდნენ ძეგლის თარიღის შესახებ, უმთავრესად აღმოსავლეთის ფასადზე დარჩენილი გრძელი წარწერის ფრაგმენტთან დაკავშირებით. წარწერაში შეიძლება გაირჩეს, რომ მეფე კონსტანტინეს მეფობის მე-20 წელს დაიდო საძირკველი, ხოლო შენება დასრულდა მესამე წელს ლეონის მეფობისა. დამფუძნებელნი ყოფილან ქართლის პიტიახშთა შთამომავალნი ვინმე ვარაზბაკური და იოვანე. დაისვა კითხვა, თუ ვინ იყვნენ წარწერაში ხსენებული მეფეები? დამტკიცდა, რომ ეს ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი ყოფილან. ამით დადგინდა ტაძრის აშენების ზუსტი თარიღიც – 759-777 წლები. დამახასიათებელია ბიზანტიის ხელმწიფეთა მოხსენიება თბილისთან, ესე იგი არაბთა ამირას რეზიდენციასთან, ასე ახლო მდებარე ტაძარში და არაბთა ბატონობის განსაკუთრებული სისატიკის დროს. ეს მოწმობს ეროვნული საზოგადოებრიობის გარკვეულ რეაქციას არაბთა უღელის წინააღმდეგ, მოწმობს - სწორედ ამასთან დაკავშირებით – ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სწრაფვას ერთმორწმუნე მეზობელ ქვეყნისადმი.
წინა ხანის ხელოვნებასთან დაშორება მკაფიოდ გამომჟღავნდა ორ სხვა ეკლესიაში, რომლებიც შიდა ქართლში მდებარეობს, ქსნის ხეობაში. ეს ეკლესიებია წირქოლისა და არმაზისა.
წირქოლი მდინარის მარჯვენა მაღალ ნაპირზე დგას ციხის მახლობლად – ეს ციხე X საუკუნის ამბებთან დაკავშირებით იხსენიება ქართულ მატიანეებში. ჩვეულებრივ ქართულ ეკლესიებთან შედარებით წირქოლის ეკლესია უჩვეულოა. ეს ორკალთიანი სახურავით გადახურული წაგრძელებული სწორკუთხედია; გარედან მარტივი მასებია, შეიძლება ნაგებობა ერთნავიანი სამლოცველო გვეგონოს. სურათი კი ბევრად უფრო რთულია: პირველ რიგში არის საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი და მის გვერდით მდებარე ოთახები, რაც აღმოსავლეთ ნაწილის ჩვეულებრივი აგებულებაა. ამის გარდა ბევრი რამ სრულიად მოულოდნელია: ცენტრალური კვადრატული სივრცე სფერული გუმბათითაა გადახურული, ხოლო დასავლეთი ნაწილი გაყოფილია ორ სართულად, რომელიც გუმბათქვეშა ნაწილს თაღოვანი მალებით უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გუმბათი - `ნორმალური~ ქართული გუმბათისგან განსხვავებით – უყელოა, იგი უშუალოდ აზის კვადრატულ საფუძველს, (ჯერ კიდევ ტრომპების საშუალებით) და გარედან არ არის გამოვლენილი. აქ დარღვეულია ჯვარისა და წრომის დროინდელი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი შესაბამისობა შიგა სივრცისა და გარე მასებისა და მაინც ფასადთა დამუშავება და შენობის მშვენიერი პროპორციები, გარე მასის კომპაქტურობა და ლაკონიურობა ხუროთმოძღვრის ნიჭს მოწმობს.
სტატიის ავტორი – ვახტანგ ბერიძე
მასალა აღებულია წიგნიდან – „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ თბილისი, 1974წ.
მასალა ადაპტირებულია მარინა იტრიაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge
|