დვანის წმ. გიორგის ეკლესიის დათარიღების საკითხისათვის

შიდა ქართლში, მდინარე აღმოსავლეთ ფრონის პირას მდებარე სოფელ დვანთან, მთის წვერზე დგას წმ. გიორგის ეკლესია. დღეს მისი გარე მასები ჩამალულია გვიან შუა საუკუნეებში დაშენებული კოშკის კედლებში, ტაძრის ინტერიერმა კი ჩვენამდე გადაკეთების გარეშე, თითქმის ხელუხლებლად მოაღწია.
ამ მცირე გუმბათოვანი ეკლესიის (7,5X5 მ.) შესახებ არსებობს ნ. ჩუბინაშვილის ნაშრომი, რომელშიც პირველადაა გარკვეული ძეგლის არქიტექტურულმხატვრული რაობა: გაანალიზებულია ტაძრის არქიტექტურული კომპოზიცია, მოცემულია ახლა გვიანი კედლებით სახეცვლილი ექსტერიერის რეკონსტრუქცია და მხატვრული ანალიზის მეშვეობით VI საუკუნით არის დათარიღებული. ერთია მხოლოდ, ნაშრომში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ თუ რას ეყრდნობა ნ. ჩუბინაშვილის რეკონსტრუქცია. მიუხედავად ჩატარებული მუშაობისა, ეკლესია, ჩვენი აზრით, შემდგომ კვლევას იმსახურებს, მით უფრო, რომ არსებული მასალა მისი სხვაგვარი რეკონსტრუქციის, დათარიღებისა და გააზრების საფუძველს იძლევა.
დვანის წმ.გიორგის ეკლესია წარმოადგენს დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებულ, გარე სწორკუთხედში მოთავსებულ გუმბათოვან ეკლესიას, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი შემოუყვება. გუმბათი დასავლეთით გრძივი კედლებიდან გამოსულ უსაფეხურო შვერილთა წყვილს ეფუძნება, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის აფსიდის კუთხეებს; გუმბათქვეშა კონსტრუქცია ამჟამად შელესილია. ჩანს თაღოვანი ტრომპების მხოლოდ ერთი რიგი. სავარაუდოა, ტრომპთა მეორე რიგის ნაცვლად რვაწახნაგას კუთხეებში ჰორიზონტალურად გადებული ქვის ფილები ყოფილიყო. გუმბათი უყელოა, ნახევარსფერო სიმაღლეში ოდნავ გაწელილია და ცენტრში კონუსისებრ შეისრული. ინტერიერის დასავლეთი მონაკვეთი გადახურულია ერთიანი ცილინდრული კამარით. ეკლესიაში ორი სწორკუთხა შესასვლელია: ერთი დასავლეთი კედლის ცენტრში გაჭრილი, მეორე - სამხრეთით, გუმბათქვეშა სივრცეში შემავალი და სამხრეთ შვერილს მიბჯენილი; ერთი ნალისებრი თაღით დაბოლოვებული დიდი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე - შიგნიდან სწორკუთხა, გარედან კი თაღოვანი, სამხრეთ მკლავში, მის ცენტრალურ ღერძზე; ორივე სარკმელი პარალელურგვერდებიანია. საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში, იატაკიდან დაახლოვებით მ-ის სიმაღლეზე მოთავსებულია გეგმაში ნახევარწრიული, შეისრული თაღით მოთავებული ნიშა. ინტერიერში გამოყენებული ოთხივე გუმბათქვეშა თაღი მონალისებროა. ეკლესია ამჟამად შელესილია, გუმბათში და დასავლეთი შესასვლელის თავზე გვიანი პერიოდის მხატვრობაა შემორჩენილი.

gegma. grZivi ganakveTi. (s. kinwuraSvilis mixedviT)

fasadebis sqematuri rekonstruqcia

სამხრეთ-დასავლეთ მხარეს განფენილი გარშემოსავლელი მის კამარაზე ნაკლები სიმაღლის თაღებით რამდენიმე სივრცულ “უჯრედადაა” დაყოფილი: 1. სიგანით ეკლესიის ტოლი დასავლეთი მონაკვეთი, 2. სამხრეთ-აღმოსავლეთი პატარა, აფსიდიანი სივრცე, 3. შუაში მაღალი კამარით გადახურული საზეიმო შესასვლელ-კარიბჭე, 4. სამხრეთ-დასავლეთი წაგრძელებული, სწორკუთხა მონაკვეთი. გარშემოსავლელი ეკლესიის კედელს მთელ გაყოლებაზე პილასტრებზე დაყრდნობილი, სხვადასხვა ზომის ნახევარწრიული თაღებით ებჯინება. გარშემოსავლელში ორი, ამჟამად სწორკუთხა, სარკმელია - ერთი აფსიდში, მეორე - კარიბჭის მონაკვეთში; კარის თავზე. დასავლეთით არც კარია გაჭრილი და არც სარკმელი, მაგრამ ნართექსის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, კამარაში ჩაყოლებულია კვადრატული ფორმის (≈0,80X0,80 მ.) ღიობი, რომელიც მეორე სართულზე ასასვლელი უნდა ყოფილიყო.

 
 

ganakveTi aRmosavleTiT

გარედან ტაძრის ზედა ნაწილი დამალულია კოშკის სქელ კედლებში, მაგრამ მისი თავდაპირველი ფორმების დადგენა მაინც ხერხდება: სახელდობრ, ეკლესიის გარე მასებში გუმბათი არ ყოფილა გამოვლენილი. ნაგებობის სამივე მონაკვეთი - საკურთხეველი, გუმბათი და დასავლეთი “მკლავი” - ერთიანი, ორფერდა გადახურვის ქვეშ იყო მოქცეული, რასაც ადასტურებს გადახურვის თხემის შემონახული დიდი ნაწილი. სამხრეთი გარშემოსავლელი ეკლესიის კორპუსთან შედარებით ნაკლები სიმაღლისა იყო. მის მოცულობას სამ ნაწილად ჰყოფდა შუაში ამაღლებული და ორფერდა გადახურვით დასრულებული კარიბჭის მონაკვეთი.
აღმოსავლეთი ფასადი ფრონტონით დასრულებულ სადა სიბრტყეს წარმოადგენდა; მხატვრული აქცენტი აქ დიდი ზომის ნალისებურთაღიანი სარკმელი იყო; სავარაუდოა, ამ ფასადზე (ალბათ, ფრონტონის კეხში) ყოფილიყო მოთავსებული ქვა სამი რელიეფური ჯვრით, რომელიც ამჟამად დასავლეთი ფასადის გვიანა ფენაშია გვერდულად ჩაყოლებული. ჩრდილოეთი ფასადი უსარკმლო, გლუვი კედელია. დასავლეთ ფასადზე რისამე დაბეჯითებით თქმა ძნელია. მის თავდაპირველ სახეზე ორგვარი ვარაუდის წამოყენება შეიძლება. ერთი, ნ. ჩუბინაშვილის აღდგენით: სამხრეთი მონაკვეთი ნახევარფრონტონის სახით გამოდის დასავლეთ ფასადზე, გარშემოსავლელის დანარჩენი ნაწილი კი ერთფერდა გადახურვის ქვეშაა მოქცეული. მაგრამ დასავლეთი გარშემოსავლელის კამარაში ჩატანებული ღიობი მიგვანიშნებს, რომ ეს ნაწილი ორსართულიანი უნდა ყოფილიყო და, ამდენად, ექსტერიერშიც ის გაცილებით მაღალი იქნებოდა, ვიდრე ერთსართულიანი სამხრეთი მხარე. შესაძლოა, წირქოლის ეკლესიის (IX ს.) დასავლეთი ორსართულიანი მონაკვეთის მსგავსად, ის არ იკვეთებოდა გარედან ცალკე მოცულობად და საფასადო მხარეს ფრონტონით დასრულებულ კედლად გამოდიოდა. გარშემოსავლელის დასავლეთი მონაკვეთის ექსტერიერში ეკლესიის  კორპუსთან შერწყმის მაგალითები VIII-IX საუკუნეების სხვა ტაძრებშიც გვაქვს: მაგალითად, ცხვარიჭამიას “დიდ საყდარში”, ამბარას სამეკლესიიან ბაზილიკაში, გუნდის ეკლესიაში...
ნატეხი ქვით ნაგები ამ ტაძრის მთავარი მხატვრული აქცენტები განსხვავებული ფერის ქვის გამოყენებით იქმნება - ეკლესიის ორივე სარკმელი მოშინდისფრო ქვაში ამოკვეთილი თაღებით ბოლოვდება. ამავე ფერისაა ჯვრებიანი ქვის ფილაც. კარნიზები, როგორც ჩანს, სადა, თაროს ფორმისა იყო - ასეთია სამხრეთით შემორჩენილი კარნიზის ფრაგმენტი.
დვანის ეკლესიაში შესულებს იდუმალი ბინდით მოცული სივრცე წარმოგვიდგება. შესაძლოა, ეს ბინდი არც ყოფილიყო თვალში საცემი, ეკლესია სხვა გარემოში რომ აეშენებინათ, ხეობაში, ანდა ტყიან ადგილას... აქ კი, მთის წვერზე წამომართული, გაშლილი და გაკაშკაშებული სივრცეების თითქოს და ცენტრში მდგომი ეს პატარა ტაძარი, შიგნით მოულოდნელი იდუმალებით მოსილი გვეჩვენება. შთაბეჭდილებათა კონტრასტი, ხედვით სახეთა ცვალებადობა მაშინვე ხდება ამ ეკლესიის მხატვრული აღქმის უმთავრესი ფაქტორი.

samxreTi fasadi

დვანის ეკლესიის არქიტექტურული ტიპის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრა რთულია, რადგან მის კომპოზიციას პირდაპირი პარალელი არ ეძებნება. გეგმითა და გარე მასებით ის გარშემოსავლელიან დარბაზულ ტაძარს ჰგავს, მაგრამ შიდა სივრცეს გუმბათი აგვირგვინებს, რაც ნაგებობას კუპელჰალეს ტიპთან ანათესავებს. ამ ეკლესიის ტიპოლოგიური რაგვარობა, მისი კომპოზიციის წარმოშობის საკითხი ცალკე თემაა და მას სხვაგან შევეხებით. ამჯერად კი ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ იმ თვისებებზე, რაც ძეგლის დათარიღებაში დაგვეხმარება.  თუმცა, თავის მხრივ, ამ არქიტექტურული კომპოზიციის ინდივიდუალობა გარდამავალ ხანაზე მიგვანიშნებს - ეს ასეა, რადგან სწორედ VIII-IX საუკუნეებისთვისაა სახასიათო არატიპიური ნაგებობები (წირქოლი, არმაზი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, გურჯაანის ყველაწმინდა). ამას გარდა, მხოლოდ გარდამავალ ხანაში გვხვდება მაგალითები გუმბათის მნიშვნელობის დამცრობისა შიდა სივრცეში (წირქოლი, არმაზი, თელოვანის ჯვარპატიოსანი), ისევე როგორც გარედან ორფერდა გადახურვაში “დამალული” გუმბათი.
ჩვენ ეკლესიას ასე თავისებურად გადაწყვეტილი გუმბათი რომც არ ჰქონდეს, თავისი კომპოზიციური აგებულებით ის მაინც ვერ “ჯდება” კლასიკისა თუ კლასიკამდელი ეპოქის ძეგლთა რიგში. სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე დადგენილია, რომ ქართულ ხუროთმოძღვრებაში ადრეული ხანის ყველა გუმბათოვანი ნაგებობა კვადრატს მიახლოვებული, დაუნაწევრებელი სტრუქტურით გამოირჩევა, ამ მკაფიო და მარტივი კომპოზიციების შემადგენელ ელემენტებს კი ტოლფასოვნება, თანაბარმნიშვნელოვნება ახასიათებთ (ძველი გავაზი, ნინოწმინდა, იდლეთი - VI ს., დავითიანი - VII ს. და ა.შ.). აქ ცენტრის ირგვლივ თანაბრად გაშლილი სივრცის ჩამოყალიბება ხდება და არა მისი მასების სიგრძივ ღერძზე აწყობა, რაც შემდგომ პერიოდში, VIII-IX საუკუნეებში შემოდის გუმბათოვან არქიტექტურაში (თელოვანის ჯვარპატიოსანი, გურჯაანის ყველაწმინდა, წირქოლი...). ამასვე ვხედავთ დვანის ეკლესიაშიც, სადაც საკურთხეველი, გუმბათქვეშა და დასავლეთი მონაკვეთები ერთმანეთის მიყოლებით სიგრძივი ღერძის გასწვრივ ლაგდება. აქ მკლავთა თანაბარმნიშვნელოვნებაც დარღვეულია - ჯვრის განივი მკლავები იმდენად დავიწროვებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ მკლავთა საპირისპიროდ, რომ დაკარგეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, დაემსგავსნენ დარბაზული ეკლესიების პილასტრთა შორის უბეებს.
ადრეულ ძეგლთათვის სახასიათო ერთიანი, დაუნაწევრებელი კედლით შემოფარგლული ინტერიერის საპირისპიროდ, აქ შვერილებით დასახსრული სივრცე წარმოგვიდგება. განსაკუთრებით იგრძნობა დასავლეთი მონაკვეთის გამოყოფა, თუმცა გაუნათებელი გუმბათიც რამდენადმე გამიჯნულია ქვედა კორპუსისაგან, თავის თავში იკეტება. სივრცის შემადგენელი კომპონენტების მეტ-ნაკლები დამოუკიდებლობის ამდაგვარი შენარჩუნება გვხვდება თელოვანის ჯვარიპატიოსანის ტაძარშიც (VIII ს.) იგივე ნიშნები ახასიათებს ამ დროის ცალნავიან ეკლესიებსაც, სადაც ნიშანდობლივი ხდება მძლავრი პილასტრების შემოსვლა და გამოკვეთილი სივრცულ-არქიტექტურული ერთეულებისაგან შედგენილი კომპოზიციები (ალანძა, დუმეილა...).

dasavleTi garSemosavleli. xedi samxreTisken

garSemosavleli kamaris wyoba


დვანის ეკლესიის ნაწილთა თავისთავადობა, სუსტი განათება, გუმბათოვან კომპოზიციაში დარბაზული სივრცული ხასიათის შეტანა, გარდამავალი ხანის თავისებურებებია. მასზე მეტყველებს აქ არსებული სტილისტური გაორებაც, რაც შესვლისთანვე იგრძნობა. დასავლეთი კედლის ცენტრში გაჭრილი კარიდან შესული მკაფიოდ ხედავს ტაძრის სტრუქტურას, აღმოსავლეთით მიმართული დარბაზი სიმეტრიული და გაწონასწორებული, ერთიანი ჩანს, სიგანე-სიმაღლის ზომიერი, მშვიდი შეთანხმებებიც “კლასიკურად თვალსაჩინოა”. სამხრეთი კარიდან შესული კი მაშინვე გრძნობს სივრცის ცენტრულობასაც და სირთულესაც, რადგან მისი მხედველობის არეში ხვდება საკურთხეველიც, გუმბათიც და დასავლეთი მონაკვეთიც, ოღონდ ყველა მათგანი ნაწილობრივ, გარკვეული რაკურსით ჩანს. არქიტექტურული კომპოზიცია ამ კარიდან შესულისთვის არამკაფიოა, მას დათვალიერებისკენ, დაკვირვებისა და ფორმებში გარკვევისაკენ უბიძგებს. საგულისხმოა ის ფაქტორიც, რომ სამხრეთი კარი პირდაპირ შვერილზეა მიბჯენილი, რის გამოც შვერილი აღიქმება მასიურ, სივრცის დამანაწევრებელ კედლად. ეს ფაქტობრივად მარტივი გეგმის ტაძარს რთული სტრუქტურისად წარმოაჩენს. მრავალნაწილიანობისა და სირთულისაკენ სწრაფვა კი VIII-IX საუკუნეების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია; შესასვლელის შვერილზე მიბჯენის ხერხიც გარდამავალი ხანის სხვა არაერთ ძეგლზე გვხვდება - გუნდეში, ხვილიშაში, ალანძაში...
ამგვარად, არქიტექტურული კომპოზიციის თავისებურებანი გარდამავალ ხანაზე მიგვანიშნებს. შეიძლება თუ არა თარიღის დაზუსტება?
დვანის ეკლესიაში არსებულ შვერილთა დაუნაწევრებლობა, მასიურობა, პლასტიკური დამუშავების, დამატებითი თაღების არქონა VIII საუკუნის დარბაზული ეკლესიებისათვის სახასიათო ტენდენციებს უახლოვდება (ალანძა, დუმეილა). უკვე IX საუკუნეში სახასიათო ხდება პლასტიკურობა - პილასტრები საფეხურიანია, მათ აქეთ-იქით კედლები კი თაღებით მუშავდება (კუსირეთი, ქემერთი, უბისი).
დვანის ეკლესია მეტ კონსერვატულობას ამჟღავნებს გარკვეულწილად მის მსგავს წირქოლის ტაძართან შედარებითაც. გეგმის წაგრძელება, დარბაზული ეკლესიის ზოგი თავისებურებისა და გუმბათის შეთავსება და ა.შ. ორივე ამ ეკლესიას ერთ ისტორიულ პერიოდში აქცევს. მაგრამ დვანის ეკლესია ამ ეტაპის უფრო ადრეული საფეხურის წარმომადგენელი უნდა იყოს: უკვე დაბადებული ახალი არქიტექტურული ფორმა აქ ბოლომდე არ ჩამოქნილა. წირქოლში იგივე მხატვრული იდეები - გარეგნულად მარტივ ფორმაში რთული სივრცული სტრუქტურის არსებობა, იდუმალებით გამორჩეული ინტერიერი - გაცილებით მეტად ჩამოყალიბებულა. მასში არქიტექტორის ოსტატობაც ჩანს, მხატვრული ინტუიციაც და სტილისტური განვითარებაც.

eklesiis dasavleTi
monakveTi

უფრო კონკრეტულად ეს ასე წარმოგვიდგება:
1. უყელო გუმბათთა პროპორციები: წირქოლში ნახევარსფეროს სიმაღლე შემცირებულია, დვანში კი, პირიქით, კონუსისებრ წაწვეტებული ნახევარსფერო სიმაღლეში ოდნავ გაწელილია. ამ ხერხით თითქოს შვეული ღერძის გამახვილებისკენ ისწრაფვის ხუროთმოძღვარი, მაგრამ უსარკმლობის გამო ქვედა კორპუსისგან მისი მოწყვეტა, თავის თავში ჩაკეტვა უფრო ხდება. წირქოლში ნახევარსფეროს სიმაღლის შემცირებით გუმბათის კავშირი ქვედა კორპუსთან ორგანული გახდა, მისი გაუნათებლობა კი არაა აქცენტირებული; ვერტიკალურ ღერძს აქ ხაზს უსვამს ქვედა მოცულობის სიმაღლეში წასული პროპორციებიცა და თაღების სიმწყობრეც. დვანის გადაწყვეტა ახალი სტილისტური მიდგომის წარმოჩენის ადრეულ ეტაპს უნდა მიუთითებდეს, რამდენადაც აქ ნაწილთა კავშირი უფრო მოუხერხებელი და გამძაფრებულიცაა, მხატვრული თემა კი არ იძლევა დასრულებულ არქიტექტურულ სახეს.
2. დვანის ხუროთმოძღვრება თავისი შედარებით მშვიდი პროპორციებით, სიგრძე-სიგანის ზომიერი შეფარდებით კლასიკურ პერიოდს ეხმიანება, წირქოლში კი სტილის ევოლუცია ვერტიკალში ზრდის ტენდენციაში, პროპორციული შეთანხმებების შეცვლაში, კედლის პლასტიკურ დანაწევრებაშიც ჩანს.
3. დვანის ეკლესიის კომპოზიცია წირქოლის კომპოზიციის წინასახედ, წინა ვარიანტად ავლენს თავს. ის რაც მასში იქნა ჩადებული - დარბაზული ტიპის მსგავსი გეგმისა და მასების მოხაზულობა, შიდა სივრცის ნაწილებად გამიჯნვა და დასავლეთი მონაკვეთის გამოყოფის ტენდენცია, ის კომპოზიციური კვანძებია, რომელნიც წირქოლშიც მეორდებიან, ხოლო დასავლეთი მონაკვეთი განვითარების ახალ საფეხურზე ადის.
4. განათება დვანის ეკლესიაში გარდამავალი პერიოდისთვის სახასიათო ცვალებადობით და კონტრასტულობით გამოირჩევა: დილით, მცირე ხნით, როდესაც მზე აღმოსავლეთი სარკმლის პირისპირ დგას, შიდა სივრცე კარგად განათებული წარმოგვიდგება; მალე მდგომარეობა იცვლება, ჩრდილები მუქდება, განათება კონტრასტული ხდება, მაგრამ ეს კონტრასტულობაც თავისებურია: სივრცის დიდი ნაწილი ბინდშია ჩაძირული, რაც ფუნქციურად მოუხერხებელია. საერთო მუქ ფონზე სარკმლები სინათლის ლაქებად გამოიყოფა. ვინაიდან მათ პარალელური გვერდები აქვთ, შემოსული შუქი არ იფანტება, კონცენტრირებულია, ეცემა ინტერიერის ცალკეულ ადგილებს, რაც ინტერიერის შემადგენელ სივრცულ კომპონენტთა დამოუკიდებლობის, თავის თავში ჩაკეტვის პირობებს ქმნის. კლასიკური ხანის თანაბარი განათების სისტემისგან გაქცევასთან ერთად დვანის ეკლესიაში განათების კონტრასტების უკიდურესობამდე მიყვანა, გამძაფრება და მოუხერხებლობაც კი სტილის საწყის ეტაპს უნდა მიუთითებდეს. წარქოლში განათების კონტრასტები ნიუანსირებულია, მთავარ არქიტუქტურულ იდეას დაქვემდებარებული. იქ გვხვდება არა სიბნელისა და ნათელი ლაქის დაპირისპირება, არამედ არქიტექტურულად გამოყოფილი ცენტრის საკმარისად განათებული სივრცე, და მასში დიდი, დაჩრდილული ღიობებით გახსნილი ნართექსი და პატრონიკენი, რომელნიც ინტერიერში სიხალვათის შეგრძნებას ბადებენ. ამდენად, წირქოლში მთავარისა და დაქვემდებარებულის გამოყოფა განათების თავისებური გააზრებითაც განისაზღვრება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის სტილისტურ “მოწიფულობაზე” დვანის ეკლესიასთან შედარებით. ეს ნიშნები რომ სტილისტური განვითარების მაჩვენებელია და არა წირქოლის ეკლესიის ინდივიდუალობისა, ადასტურებს ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ტაძარიც.

eklesiis samxreTi
kedeli

წირქოლშიც და ვაჩნაძიანშიც არქიტექტურულ-კონსტრუქციული ელემენტებით ხდება მთავარი და დამატებითის სივრცული უჯრედების გამიჯვნა. დამატებითი სივრცეების მონაწილეობა მთავარის საბოლოო სახის ფორმირებაში გადამწყვეტია, ხოლო მონაწილეობის დონე მკაცრად განსაზღვრული (მაგალითად, ვაჩნაძიანის ყველაწმინდაში გარშემოსავლელის სივრცის შემოყვანა ჯვრის მკლავებში...). სხვა საქმეა დვანში და, ვთქვათ, თელოვანში - ორივეგან შენარჩუნებულია ერთიანი, კედლებით გაუმიჯნავი სივრცული მოცულობა და მის ფარგლებში ხდება ნაწილებად დაშლა, კომპარტიმენტების თავის თავში ჩაკეტვა (სპეციფიკურიპროპორციებისა და განათების თავისებურებების გამო). ამ თვისებების მიხედვით დვანის ეკლესიაც და თელოვანის ჯვარპატიოსანიც, ერთი მხრივ, კავშირს ამჟღავნებენ კლასიკური ეპოქის სივრცეულ გაგებასთან და, მეორე მხრივ, განსაზღვრავენ IX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობათა მხატვრულ გადაწყვეტას.

Weremis kvadrati.
gegma da fasadi. v. cincaZis mixedviT

5. IX საუკუნის გუმბათოვან ნაგებობებში გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს შიდა სტრუქტურას და სივრცულ ხასიათს: ვაჩნაძიანის ყველაწმინდის გეგმის გაცნობისას ძნელად თუ წარმოვიდგენთ მის შიდა სივრცეში ჯვარ-გუმბათოვნების ასე ძლიერ ხაზგასმას. დვანის ეკლესიაში გეგმა და შიდა სივრცე უფრო მტკიცედ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არქიტექტურულ ელემენტთა (მაგალითად, შესასვლელის), გადანაცვლებით მთელთან ახლებურ მიმართებაში ჩაყენებით გართულებულია სივრცული აღქმა, გეგმის სიმარტივე კი ნაკლებად თვალსაჩინო. ამდენად, დვანის ეკლესიაში ამ მხრივაც ფორმის ორმხრივობა იგრძნობა - ის ძველისა და ახლის მიჯნაზე დგას.
რაც შეეხება დვანის ეკლესიის ფასადებს და მათ მხატვრულ გაფორმებას, აქ წარმართველია კედლის წყობის ხასიათი და კარ-სარკმელთა მუქი ჩრდილები. მხატვრულ-დეკორატიული აქცენტები სარკმელთა ფერადი ქვით გაფორმებით იქმნება. ფერის გაგებამ ქართულ არქიტექტურაში განვითარების გარკვეული გზა გაიარა. დვანის ეკლესიის ფასადებზე ფერის გამოყენება VIII-IX საუკუნეთა მხატვრულ გაგებას ენათესავება: ის ხაზს უსვამს არა ნაგებობის აგებულებას, როგორც ადრეულ ეტაპზე იყო, არამედ დამოუკიდებელი მხატვრული აქცენტის როლს ასრულებს, თუმც სარკმლის ღიობთან დაკავშირებულს, რითაც ალანძის (VIII ს.) ეკლესიის მხატვრულ გააზრებას ენათესავება.
ამრიგად, მხატვრულ-სტილისტურმა ანალიზმა მიგვანიშნა, რომ დვანის ეკლესია გარდამავალი ხანის საწყისი ეტაპის, კერძოდ, VIII საუკუნის ძეგლია. მისი გარშემოსავლელის აგების თარიღი ცოტა განსხვავებული უნდა იყოს. ამაზე მეტყველებს რამდენიმე თავისებურება: 1. კომპარტიმენტებად დაყოფილი გარშემოსავლელის არქიტექტურულ გადაწყვეტაში კიდევ უფრო ძლიერდება მრავალნაწილიანი და რთული არქიტექტურული მოცულობის შექმნისკენ სწრაფვა. ეკლესიასთან შედარებით მისი მხატვრული ხასიათიც უფრო ცოცხალი და დინამიკურია აქ გამოყენებული ნახევარწრიული თაღების პროპორციათა გამუდმებული ცვლის გამო. 2. ეკლესიასთან გარშემოსავლელის დაკავშირების ხასიათიც გარკვეულ დროით სხვაობაზე მიუთითებს - მაგ., ეკლესიის დასავლეთი შესასვლელის სწორკუთხედი გარშემოსავლელის თაღის მიერაა “ჩამოჭრილი”. 3. გარშემოსავლელის მაშენებელი აქცენტირებულ შესასვლელს აკეთებს სამხრეთით, ხოლო დასავლეთისაზე - უარს ამბობს. როგორც ითქვა, აქ შიდა სივრცის სტილისტური გაორება ორი შესასვლელიდან იგრძნობა, რითაც ორი განსხვავებული ხედვაა გაცხადებული. გარშემოსავლელის მაშენებლის მიერ სამხრეთი შესასვლელისათვის უპირატესობის მინიჭება მოწმობს, რომ ორი სტილისტური განცდის ჭიდილი აქ უკვე გადაჭრილია კლასიკური პრინციპების დათმობისა და ახალი, ცხოველხატული შეგრძნების გამახვილების სასარგებლოდ.
დვანის ეკლესიის მსგავსად ორმხრივად შემოყოლებული გარშემოსავლელი გვხვდება VIII-IX საუკუნეების ძეგლებში - ტამალაში, ურიათუბანში, საროში. იგივე შეიძლება ითქვას დვანის ეკლესიის გარშემოსავლელისთვის სახასიათო ბინდსა და დასავლეთი მონაკვეთის სამხრეთისაგან კამარაზე ნაკლები სიმაღლის თაღით გარკვეულ გამოყოფაზე. ორივე მოვლენას ადგილი აქვს ნეკრესის გუმბათიანი ტაძრის (VIII-IX) გარშემოსავლელშიც, ნეძვის სამეკლესიიან ბაზილიკაშიცა და ბორჯომის ხეობის სხვა ძეგლებშიც, რომლებიც IX-X საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული, ხოლო ჩითახევის მონასტრის ეკლესიის (IX ს.) დასავლეთი გარშემოსავლელი სამხრეთისაგან მასიურ ბურჯზე გადაყვანილი თაღებით იყო გამოყოფილი; არის შემთხვევები ამ მონაკვეთის კედლით გამოყოფისაც (გუჯრისხევი, სანარია, საკირე...). ჩვენი ეკლესიის თავისებურება ისაა, რომ ყველა სხვა ძეგლისაგან განსხვავებით აქ არ არის გაჭრილი შესასვლელი დასავლეთიდან. სხვა მხრივ კი, ყველა მათგანივით გარშემოსავლელთა ნაწილების მეტნაკლები გამიჯვნა უპირისპირდება კლასიკური ხანის ერთიან დინებაში შერწყმულ გარშემოსავლელებს (ზეგანის ყვალაწმინდა, ამიდასტური, ნეკრესის სამეკლესიიანი ბაზილიკა).
ამდენად, დვანის ეკლესიის გარშემოსავლელის სტილისტური ნიშნები, ეკლესიასთან მისი დაკავშირების ხასიათი და კომპოზიციური თავისებურებანი მიუთითებენ, რომ გარშემოსავლელი ეკლესიის შემდგომაა აშენებული, მაგრამ მისი თარიღი გარდამავალ ხანას არ სცილდება. ჩვენი აზრით, გარშემოსავლელი ეკლესიასთან ახლო პერიოდში უნდა აშენებულიყო, კერძოდ, IX საუკუნეში, რადგან ორივე, ეკლესიაც და გარშემოსავლელიც, ამჟღავნებს არქიტექტურული კომპოზიციის შექმნის ერთ მიმართულებას და, რაც მთავარია, ფორმების ამოყვანის ხასიათიც, მასალაც, კედლის წყობაც ორივეგან იდენტურია. ვფიქრობ, მართებულად შენიშნა ნ.ჩუბინაშვილმა, რომ ნაგებობის საერთო პროექტი ერთდროულად უნდა იყოს ჩაფიქრებული, მაგრამ მცირედი დროითი სხვაობითაა შესრულებული.
დვანის ეკლესიის სამხრეთი მინაშენის სამნაწილიანი გადაწყვეტა, შესასვლელის ამაღლებული ფრონტონით დასრულებული მოცულობით აქცენტირება სრულიად ახლებურია და ქართული არქიტექტურის განვითარების ადრეულ საფეხურზე არ გვხვდება. სამაგიეროდ, XI საუკუნიდან დაწყებული სამნაწილიანი კარიბჭე მეტად სახასიათოა და დასტურდება როგორც გუმბათოვან, ისე უგუმბათო არქიტექტურაში (მანგლისი, ბეთანია, ქვათახევი, მაღალაანთ ეკლესია...). დვანის კარიბჭე ასეთი გადაწყვეტის უადრეს მაგალითად წარმოგვიდგება. აქ მისი გაჩენის საკითხი ცალკე თემაა, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ აქ სამხრეთი მინაშენის გადაწყვეტა სამნაწილიანი სტოა-კარიბჭის წინასახედ ისახება: ცენტრალურ, ვერტიკალურ აქცენტს აკლია სიმწყობრე, მაგ., კარ-სარკმელი შუა ღერძსაა აცდენილი.
არქიტექტურული მასები მძაფრი შეთანხმებებით გამოირჩევიან (ცენტრი ვიწროა, ფრთები დაბალი და მკვეთრად წაგრძელებული), არ არის განვითარებული შუა საუკუნეთა სტოათათვის დამახასიათებელი მოხდენილობა, თავისებურად ტანადი პროპორციები, რაც მათ დახვეწილ-არისტოკრატულ სახეს ანიჭებს. დვანის სამხრეთი გარშემოსავლელის ასეთი გადაწყვეტაც ადრეული სტილისტური საფეხურით არის განპირობებული და კიდევ ერთხელ მიუთითებს მის გარდამავალი ხანისადმი კუთვნილებას.
არქიტექტურული ელემენტების შერჩევისას დვანელი ხუროთმოძღვარი ერთგვაროვანი ფორმების ერთგულებით როდი გამოირჩევა. აქ ერთდროულად გვხვდება თაღთა რამდენიმე ვარიანტი - ნალისებრი, ნახევარწრიული და შეისრულიც კი, რაც გარდამავალი ხანისათვის არის სახასიათო: ვაჩნაძიანის ყველაწმინდის (IX ს.), ქსნის არმაზის (864 წ.), კუსირეთის (VIII-IX სს.) და ა.შ. ეკლესიებში. გამოყენებული მონალისებრო თაღები “კლასიკური”, 3/4 წრის ფორმის ნალისაგან განსხვავებით ნაკლები სიღრმისაა; მას ნალისებურობას მხოლოდ ქუსლის ქვა სძენს. ასეთ მონალისებრო თაღებს გარდამავალი ხანის ძეგლებში იყენებენ (ალანძა, სირგო...). საკურთხევლის ნიშის შეისრული თაღიც თავისებურია, მასაც ქუსლები ნალისებურად აქვს მოხრილი. ასეთი შეისრულ-ნალისებრი თაღები ცნობილია ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ტაძარში (IX ს.), წინწყაროს “დედა ღვთისას” ეკლესიაში (VIII-IX სს.), ბარცანაში (VIII-IX სს.).
დვანის ეკლესიაში არსებული გუმბათის ნახევარსფეროს შეისვრა ქართულ ხუროთმოძღვრებაში მეტად იშვიათია და ამ ელემენტსაც პარალელი ისევ ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ტაძარში ეძებნება.
არქაული ელემენტია ჩვენ ეკლესიაში გამოყენებული პარალელურგვერდებიანი სარკმლები, რომელიც სახასიათოა ადრეული პერიოდისთვის (ქვემო ბოლნისი - VI ს. I ნახ., ვანათი - VI ს. I ნახ., წვეროდაბალი - V ს.), მაგრამ ისინი გარდამავალ ხანაშიც გვხვდება ეპიზოდურად (თელოვანის ჯვარპატიოსანი, წირქოლი).
ამრიგად, არქიტექტურული ელემენტების ანალიზიც ადასტურებს იმ თარიღს, რომელიც გეგმის, შიდა სივრცისა და ფასადების გადაწყვეტით იქნა მინიშნებული და ყოველივე საფუძველს გვაძლევს დვანის ეკლესია VIII საუკუნეს (საფიქრებელია, საუკუნის ბოლოს) მივაკუთვნოთ, ხოლო გარშემოსავლელი IX საუკუნეს.
დასასრულ, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკლესია აშენებულია შემოქმედებითი სითამამითა და ინდივიდუალობით გამორჩეული ხუროთმოძღვრის მიერ. ის არ არის არქიტექტურის შედევრთაგანი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში ჩადებული მხატვრული პრობლემები შემდგომ ეტაპზე ვითარდებიან.



სტატიის ავტორი ნატო გენგიური; საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი
სტატია აღებულია ჟურნალიდან – „საქართველოს სიძველენი“, #2, თბილისი, 2002წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014