უკრაინელები უკრაინის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ. მათი გარკვეული ნაწილი ცხოვრებს რუსეთში, აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში და სხვ. ლაპარაკობენ უკრაინულ ენაზე, რომელიც აღმოსავლური სლავური ენების ჯგუფს განეკუთვნება.
ისტორიული ნარკვევები
უკრაინელები მცირე რაოდენობით საქართველოს ტერიტორიაზე პირველად XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დასახლდნენ, როდესაც რუსეთის იმპერიის დედოფალმა ეკატერინე II-მ დაუმორჩილებლობის გამო დაშალა ე.წ. «ზაპოროჟსკაია სეჩ», რის შედეგადაც ბევრი კაზაკი იძულებული გახდა იმპერიის სამხრეთი ტერიტორიებისაკენ გაქცეულიყო. ამის შედეგად ზოგიერთი მათგანი საქართველოშიცაღმოჩნდა.
XIX საუკუნის დამდეგს საქართველოში რუსული სამხედრო ნაწილები ჩამოასახლეს, მათში იყვნენ უკრაინელებიც. ხანგრძლივი სამხედრო სამსახურის გამო ბევრი მათგანი მშობლიურ მხარესთან კავშირს წყვეტდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ უკრაინელთა ნაწილი სამუდამოდ დასახლდა სამხედრო ნაწილების ახლოს მათთვის სპეციალურად გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე,
ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში. მაგრამ დასახლებების მცირერიცხოვნობის გამო, მათი არსებობა ხანმოკლე გამოდგა. XIX საუკუნის შუა ხანებში ამგვარი დასახლებები საერთოდ გაუქმდა. სამხედრო მოსამსახურეების გარდა პირველ უკრაინელთა შორის იყვნენ, აგრეთვე, ადმინისტრაციულ დაწესებულებებში მომუშავე ოფიცრები. მათი ნაწილი სამუდამოდ დასახლდა საქართველოში. XIX საუკუნეში უკრაინელთა გადმოსახლების ერთი მიზეზი პოლიტიკური ხასიათის იყო: მათი უმეტესობა დევნასა და რეპრესიებს გაურბოდა. მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური ფაქტორიც, რომელიც უმიწაწყლო გლეხებს თავისუფალი მიწების ძიებისაკენ უბიძგებდა. რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გლეხებმა თავისუფალი მიწების ძიება დაიწყეს. ამ პერიოდში, საქართველოში მომხდარი მოვლენების შედეგად, ბევრი თავისუფალი ტერიტორია გაჩნდა, კერძოდ, აფხაზეთში, სადაც რუსებით, უკრაინელებით, სომხებით, ბერძნებითა და სხვა ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული სოფლები წარმოიშვა. უკრაინელების საქართველოში დასახლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შავ ზღვაზე ნაოსნობის განვითარებამ, ახალი პორტების, რკინიგზისა და კურორტების მშენებლობამ, რაც კვალიფიციურ უკრაინელ სპეციალისტებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევდა.
1887 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 8,5 ათასი უკრაინელი ცხოვრობდა, მათგან 64% — ქალაქებში, ხოლო 36% — სოფლებში. იმ პერიოდში საქართველოში უკრაინელთა შემოსვლის პროცესი არ შენელებულა. აღსანიშნავია უკრაინელი ინტელიგენციის — მწერლების, მეცნიერების, მსახიობების, ჟურნალისტების — საქართველოში ჩამოსახლება.
XX საუკუნის დამდეგს თბილისში დაფუძნდა უკრაინული თეატრალური ჯგუფი მ. ბელიაევას ხელმძღვანელობით, რომელმაც 1902-13 წლებში ორმოცდახუთამდე პიესა დადგა. ამავე წლებში საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი უკრაინელი პოეტი ლესია უკრაინკა თავის მეუღლესთან, ეთნოგრაფ კ. კვიტკასთან ერთად. 1880-86 წლებში კი თბილისის პირველ გიმნაზიაში სწავლობდა ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, უკრაინის პირველი პრეზიდენტი მიხეილ გრუშევსკი.
1917 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2,5 მილიონს შეადგენდა. უკრაინული საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მათ შორის 185 ათასი ითვლებოდა რუსად, რომელთა 70% უკრაინელები იყვნენ, რაც 129 ათასს კაცს შეადგენდა. სოფლებში უკრაინელთა ძალზე მცირე ნაწილი სახლობდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სამრეწველო ცენტრებში — თბილისში, ბათუმსა და სოხუმში იყვნენ დასაქმებულნი (მათ შორის იყვნენ მუშები, ხელოსნები, ვაჭრები და ინტელიგენციის წარმომადგენლები).
1917 წელს მოეწყო უკრაინელთა სამხედრო სხდომა, სადაც შეიქმნა კავკასიის უკრაინული სამხედრო რადა და უკრაინული რადა. კავკასიის უკრაინული სამხედრო რადა გამოსცემდა გაზეთ «ვისტი»-ს («ცნობები»), რომელსაც, მოგვიანებით, «უკრაინსკი ვისტი» ეწოდა. 1917 წლის ნოემბერში უკრაინულმა რადამ, ცენტრალური უკრაინული რადას მხარდაჭერით, თბილისში სამხრეთ კავკასიაში პირველი უკრაინული სხდომა ჩაატარა, რომლის ძირითად მიზანს უკრაინული საზოგადოებების, გაერთიანებებისა და პარტიული ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირება წარმოადგენდა. 1918 წელს უკრაინამ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის საგანგებო დიპლომატიური მისია ი. კრასოვსკის _ミ_鸚ロ_მეთაურობით.
მეორე უკრაინული რადა 1918 წელს ჩატარდა. თბილისში, ბათუმში, სოხუმსა და ფოთში შეიქმნა უკრაინული საზოგადოებები, რომლებიც უკრაინული ენისა და კულტურის გადასარჩენად იღვწოდნენ. ისინი აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდნენ, მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და ბათუმის დუმის არჩევნებში. ბათუმის დუმაში აირჩიეს კრასიცკი, სახნოვსკი, ლოვინსკი, მიკოლაენკო, პოლნიცკი. 1919 წელს კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატად აირჩიეს ალექსანდრე კლიუჟნი.
1917-1926 წლებში უკრაინელთა ნაწილი დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მათი რაოდენობა საქართველოში. ამავე დროს 1922 წლიდან საქართველოში უკრაინელთა ახალი ტალღის შემოსვლა აღინიშნება.
მხოლოდ 12 წლის განმავლობაში, 1926 წლიდან 1939 წლამდე, უკრაინული მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში 3,2-ჯერ გაიზარდა და ამ პერიოდის ბოლოსათვის 46 ათასი ადამიანი შეადგინა. საქართველოში უკრაინელების გადმოსახლება განპირობებული იყო მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მაღალი ტემპების შედეგად მაღალკვალიფიციურ კადრებზე გაჩენილი მზარდი მოთხოვნით.
უკრაინული მოსახლეობის რაოდენობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ინდუსტრიალიზაციის პროცესის შედეგად (რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აგება, კოლხეთის დაბლობის ათვისება, ჰიდროელექტროსადგურებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა). საქართველოში დარჩენას არჩევდა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული ბევრი სამხედრო პირი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1959-1979 წლებში, სლავების, მათ შორის რუსებისა და უკრაინელების რაოდენობა საქართველოში 43.5 ათასით შემცირდა, ხოლო საქართველოს მთელ მო- სახლეობაში მათი პროცენტული წილი 11.3%-დან 8.3%-მდე დავიდა. 1970 წლის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები რუსებისა და უკრაინელების 82.2% ქალაქებში ცხოვრობდა.
1989 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში 52,4 ათასი უკრაინელი იყო, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 1%-ს შეადგენდა. უკრაინელები ცხოვრობდნენ თბილისში, სოხუმში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, მათი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა ან სხვა ქვეყნებში გაემგზავრა.
ამჟამად საქართველოში უკრაინელთა დარჩენისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია ინტეგრაციის მაღალი ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებში, ქართველი ნათესავებისა თუ ახლო წრის არსებობამ, შერეულ ქორწინებებში ყოფნამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უკრაინელთა საქართველოში დარჩენას.
საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 7 039 უკრაინელი ცხოვრობს. მათი ნახევარი ქ. თბილისში სახლობს, მრავლად არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. 1999 წლის 1 სექტემბრიდან თბილისში მოქმედებს მიხეილ გრუშევსკის სახელობის პირველი უკრაინული სკოლა. სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი ქართულ-უკრაინული შერეული ოჯახებიდან არიან. მოსწავლეები უკრაინულ ენაზე განათლებას დაწყებით კლასებში იღებენ, შემდეგ კი მშობლიურ ენაზე სწავლობენ უკრაინულ ლიტერატურასა და ენას. ახალგაზრდა თაობამ, უფროსი თაობისაგან განსხვავებით, უკეთესად იცის ქართული ენა. ისინი განათლებას, ამჟამად, ძირითადად რუსულ ან ქართულენოვან სკოლებში, უმაღლეს განათლებას კი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ან უკრაინაში იღებენ. უკრაინული მხარე ყოველწლიურად (თავისი ხარჯებით) უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში 10 სტუდენტის სწავლებას უზრუნველყოფს.
საქართველოში უკრაინელთა თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს 1992 წლის 15 ივლისს დაარსებული საქართველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაცია. 1994 წლიდან დღემდე ასოციაციას ხელმძღვანელობს მიხეილ ბორისი.
1995 წლიდან უკრაინელებით კომ-პაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზე იქმნება და ფუნქციონირებს უკრაინული საზოგადოებები: ქ. რუსთავში — კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოება «სლავუტიჩ», ქ. კასპში — გაერთიანება «ჩერვონა კალინა», ქ. ზუგდიდში — გაერთიანება «ოლესია» და ა.შ. უკრაინული ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. თბილისში არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში მიმდინარეობს კომპიუტერისა და ინგლისური ენის, ცეკვისა და სიმღერის სწავლება. აღნიშნულ საზოგადოებებს ფინანსურად და ტექნიკური აღჭურვილობით, პერიოდულად, ეხმარებიან უკრაინაში არსებული ორგანიზაციები.
2001 წლის 19-20 მაისს ქ. თბილისში, საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, ჩატარდა საქართველოში უკრაინული საზოგადოებების წარმომადგენლების ფორუმი. ფორუმის მიზანი იყო საზოგადოებების გაერთიანება და მათი საქმიანობისათვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნა. ფორუმზე შეიქმნა უკრაინელთა საკოორდინაციო რადა, შეიმუშავეს წესდება და აირჩიეს რადის მმართველი ორგანო. რადა საქართველოში მოღვაწე 18 ორგანიზაციას აერთიანებს.
სტატიის ავტორი – მამუკა კომახია;
მასალა აღებულია წიგნიდან – "ეთნოსები საქართველოში", საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008წ.
|