პოლონელები

პოლონელები პოლონეთის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ. ცხოვრობენ აგრეთვე აშშ-ს, ევროპის ქვეყნებში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. ლაპარაკობენ პოლონურ ენაზე, რომელიც სლავური ენების დასავლურ ჯგუფს განეკუთვნება.

 

ისტორიული ნარკვევები

პოლონელების დასახლება საქართველოში XVIII საუკუნის მიწურულიდან იწყება. ამ პროცესმა უფრო ინტენსიური სახე XIX საუკუნეში მიიღო, მას შემდეგ, რაც პოლონეთი და საქართველო რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ.
პოლონელთა საქართველოში ჩამოსვლის მიზეზები ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური ან მისიონერული მიზნები, ზოგჯერ სამხედრო ვალდებულებანი, ზოგჯერაც კომერციული ინტერესები თუ უკეთესი საცხოვრისის ძიება იყო. ჯერ კიდევ XVII საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში გამოჩნდნენ პირველი პოლონელი მისიონერები, რომლებიც იმავდროულად დიპლომატიურ საქმიანობასაც ეწეოდნენ. მათ შორის იყვნენ ვეჩერკოვსკი და კრუშინსკი, რომლებმაც მოგვიანებით გამოსცეს ნაშრომები სამხრეთ კავკასიაში თავიანთი მისიონერული მოღაწეობის თაობაზე. მათი ნაწერები მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს შესახებ.
XVIII საუკუნეში საქართველოში მოღვაწეობდა პოლონელი მისიონერი იან როტა. XVIII-XIX საუკუნეებში პოლონელთა უმრავლესობამ ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიასა და პოლონეთის ორად გაყოფის რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. მათ მიაჩნდათ, რომ თურქების მიერ აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობა, რაც პოლონელ ხალხს გადაშენებით ემუქრებოდა, პოლონური კულტურისათვის გაცილებით უფრო საზიანო იქნებოდა. ამგვარად, კავკასიაში გამოჩნდნენ პოლონელი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის მეფის არმიაში მსახურობდნენ და თურქეთისა და სპარსეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ. იმ დროისათვის პოლონელთათვის ეს იყო ერთადერთი რეალური შესაძლებლობა შეერთებოდნენ მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას. კავკასიის არმიაში დაახლოებით 180 პოლონელი ოფიცერი მსახურობდა, ხოლო მეფის ჯარში მომსახურე ოფიცრობის და რიგითი პოლონელი ჯარისკაცების ნაწილი სამხედრო ვალდებულებას საქართველოში იხდიდა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოში აღმოჩნდნენ, აგრეთვე, მეფის მთავრობის მიერ სამშობლოდან დეპორტირებული მეამბოხე პოლონელები (მათ, ძირითადად, ციმბირსა და კავკასიაში ასახლებდნენ). XVIII საუკუნის მიწურულს, კერძოდ, 1794 წელს, საქართველოში სამშობლოდან გასახლებულ პოლონელთა პირველი ტალღა გამოჩნდა. ესენი იყვნენ ტადეუშ კოსტიუშკოს აჯანყების მონაწილეები, რომელთაც რუსეთის არმიის რიგები შეავსეს. XIX საუკუნეში საქართველოში ეტაპობრივად შემოვიდა პოლონელთა რამდენიმე ჯგუფი. ესენი ნაპოლეონის მხარეს 1812 წელს რუსების წინააღმდეგ მებრძოლი ტყვე პოლონელი ჯარისკაცები და ოფიცრები, ასევე პოლონეთის 1830 წლის აჯანყების დროს დახვრეტილ გენერალთა და ოფიცერთა შვილები იყვნენ. ეს უკანასკნელნი აჯანყების ჩახშობის შემდეგ რუსეთის სამხედრო სკოლებსა და რუსული არმიის კორპუსებში გააგზავნეს. ტყვე ჯარისკაცთა ნაწილი (დაახლ. 1000 კაცი) კავკასიაში გაამწესეს, სადაც ისინი კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. სწორედ მათი ერთი ჯგუფი მოხვდა საქართველოში. პირობები, რომელშიც პოლონელ სამხედროებს არსებობა უწევდათ, ძალზე მძიმე იყო. ბევრი მათგანი ვერ ეგუებოდა მათთვის უჩვეულო გარემოს და იღუპებოდა.
კავკასიის პოლკში მომსახურე პოლონელებს, განსხვავებული სოციალური წარმომავლობისა და სტატუსის მიუხედავად, ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ, რასაც მათი საერთო ეთნიკური წარმოშობა განაპირობებდა.
ესენი იყვნენ პოლონური საზოგადოების განათლებული, პატრიოტი და ნიჭიერი წარმომადგენლები, რომელთა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბრძოლო მოქმედებათა შემდგომ მსვლელობაზე. მაგალითად, XIX საუკუნის დამდეგს გენერალმა პეტრე კოტლიარსკიმ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიიდან გააძევა თურქები და სპარსელები. აღსანიშნავია, რომ კავკასიის ოლქის სამხედრო ტოპოგრაფიული განყოფილების თანამშრომელთაგან ორმოცდახუთი პოლონელი იყო.
საქართველოში მსახურობდნენ პოლონურ საზოგადოებაში კარგად ცნობილი პიროვნება, პოლონეთის საიდუმლო ორგანიზაციის წევრი პარადოვსკი, მასონთა ლოჟის წინამძღოლი მაიორი სტანისლავ კარვიცკი (იგი თავის ძმასთან ერთად მსახურობდა იმერეთში). 1829-31 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს გუბერნატორი იყო პეტრე ზაველეისკი (მან სამცხე-ჯავახეთში 20-მდე სოფელი შეისყიდა), ხოლო 1833 წელს ვიცე-გუბერნატორის პოსტი კალინოვსკის ეკავა.
XIX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში პოლონელების კიდევ ერთი ტალღა შემოდის. ესენი იყვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები — ფიზიკოსები, მასწავლებლები, ოფიცრები, ვაჭრები და სხვ., რომელთა მიგრაცია ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა. საქართველოში XIX საუკუნის 40-50-იან წლებში დაახლოებით 4000 პოლონელი ცხოვრობდა. თბილისში პოლონელთა პირველი ნაკადი XIX საუკუნის დამდეგს დამკვიდრდა, ხოლო შემდგომი ტალღა — 40-50-იან წლებში. XIX საუკუნის შუა ხანებში თბილისში 900 პოლონელი ცხოვრობდა, ხოლო თბილისის შემდეგ პოლონელების სოლიდური რაოდენობა იყო ქუთაისში, გორში, თელავში, ბათუმსა და სიღნაღში.
საქართველოში მყოფი პოლონელები აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, რომელთა მიზანი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ნორმალიზაცია იყო. მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ექსპანსიის შესაჩერებლად და რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის საჭირო იყო სავაჭრო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პორტის მოწყობა შავ ზღვაზე. ამ გეგმის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით პოლონელ ინჟინრებს (ბ. სტატკოვსკის, ფ. რიდზევსკის, ვ. სკორჟინსკისა და სხვ). XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მეფის რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, პერიფერიებსა და იმპერიის ცენტრს შორის პირდაპირი და იოლი კავშირისათვის საქართველოში სატრანსპორტო გზების მშენებლობა დაიწყო. საუღელტეხილო გზების დაპროექტების მიზნით, 1855 წელს კომისიები შეიქმნა. კომისიათა მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა პოლონელი ინჟინერი ბოლესლავ სტატკოვსკი (მასვე ეკუთვნის სამხრეთ კავკასიის ალპინისტთა კლუბის შექმნის იდეა). 1886 წელს დაიწყო და 1890 წელს დასრულდა სურამის გვირაბის მშენებლობა ფერდინანდ რიდზევსკის ხელმძღვანობით. 4 კმ. სიგრძის გვირაბის შენება რეკორდული ტემპებით მიმდინარეობდა — დღეში 12 მეტრი ითხრებოდა.
პოლონელები საქართველოში მეტ-ნაკლებად კომპაქტურად ურბანულ ცენტრებში - თბილისში, ქუთაისში, ახალციხესა და სოხუმში ცხოვრობდნენ. ისინი თბილისში პეტრე-პავლეს ეკლესიის სიახლოვეს იყვნენ თავმოყრილი, რომელიც 1877 წელს არქიტექტორ ა. ზელცმანის პროექტით აიგო. 1898 წელს გაიხსნა ეკლესიასთან არსებული პოლონური სკოლა, სადაც, თავდაპირველად, 105 მოსწავლე ირიცხებოდა. მოგვიანებით, აქვე გაიხსნა ბიბლოთეკა სამკითხველო დარბაზით, სადაც დაცული იყო 2 314 წიგნი. 1903 წელს ეკლესიასთან შეიქმნა კათოლიკური საქველმოქმედო საზოგადოება — “
Dobroszynność”. 1899 წელს პოლონელი ინჟინრებისა და ექიმების — სობეპანსკის, ორიენბოვსკის, ზაკშევსკის და სხვათა ინიციატივით საქართველოში დაარსდა ორგანიზაცია «პოლონური სახლი», რომელიც ასი წლის შემდეგ — 1999 წელს — იმავე სახელწოდებით იქნა აღდგენილი.
XIX საუკუნის 80-იან წლებში საქართველომდე პოლონელ ემიგრანტთა ახალი ტალღა აღწევს. ისინი აქ, უმთავრესად, სამუშაოს ძიების ინტერესმა ჩამოიყვანა. ამ ჯგუფში შედიოდნენ პროფესიონალები, ძირითადად, ინჟინრები, მასწავლებლები, მუსიკოსები, მხატვრები, ექიმები, მეანები და სხვ. ასე რომ, XIX საუკუნის მიწურულისთვის საქართველოში პოლონელთა საკმაოდ ფართო დიასპორა არსებობდა 8000-მდე პოლონელის შემადგენლობით. ამათგან 50% სამხედრო იყო. ამავე პერიოდში კავკასიის არმიის სამხედრო მოსამსახურეთა 20% პოლონელი იყო. ის პოლკები, სადაც პოლონელები მსახურობდნენ, პოლონურ პოლკებად იწოდებოდა (პოლონურ პოლკები იდგნენ გომბორში, ლაგოდეხში, თბილისში, თეთრიწყაროში და სხვ.). თბილისში 1887 წლისათვის 4 133 პოლონელი ცხოვრობდა. მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა I მსოფლიო ომის დასაწყისისათვის.
პოლონური დიასპორა საქართველოში აქტიურ მონაწილეობას იღებდა I მსოფლიო ომისა და რევოლუციის წინა პერიოდის პოლიტიკურ პერიპეტიებში. XX საუკუნის დამდეგისათვის იგი საქართველოში ქმნის კულტურულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, 1907 წელს — თბილისში, მოგვიანებით — ქუთაისსა და ბათუმში; პოლონელ მხატვართა ინიციატივით, 1905 წელს თბილისში დაარსდა «ხატვისა და ფერწერის კურსები», 1914 წელს ყალიბდება პოლონური ახალგაზრდული ორგანიზაცია და ხარცერთა კავშირი.
I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე თბილისში, «პოლონურ სახლში», შეიქმნა ომის მსხვერპლთა დახმარების კომიტეტი, სადაც კრებდნენ ფულს, პოლონელ ჯარისკაცებს ეხმარებოდნენ საკვებით, ამარაგებდა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე პოლონელი სამხედრო ექიმების (ა. გადომსკის, ე. გორბოვსკის, ა. ნოვიცკის, ი. ოსტროვკის და სხვ.) წვლილი.
1917 წლის რევოლუცია ძირფესვიანად ცვლის საქართველოში მცხოვრებ პოლონელთა ცხოვრებას. იქმნება ახალი პარტიები და გაერთიანებები: პოლონური სამხედრო საბჭო და თბილისის პოლონური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, სადაც 100-მდე წევრია გაერთიანებული; გამოდის პოლონური ყოველკვირეული პოლიტიკურ-ეკონომიკური და ლიტერატურული ჟურნალი. მოგვიანებით, 1919 წელს, ფუძნდება პოლონურ-ქართული საწარმოო-სავაჭრო კავშირი. 1917 წლის შუა პერიოდში პოლონურმა ორგანიზაციებმა თბილისში შექმნეს პოლონეთის საოლქო საბჭო კავკასიაში, რომელიც საქართველოში პოლონეთის პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი უნდა გამხდარიყო. იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტიური მხარდაჭერით 1917 წლის მიწურულს პოლონეთის საოლქო საბჭო შეუდგა სამხედრო დანაყოფების შექმნას კავკასიაში პოლონელთა თვითმოქმედი ბრიგადების სახით. ამ ბრიგადების ფორმირების ცენტრი საქართველოს დედაქალაქი გახდა. 1918 წელს ყალიბდება პოლონური ჯარის კავკასიური ბრიგადა 1500 კაცის შემადგენლობით, რომელმაც მანამდე იარსება, სანამ გერმანელი სამხედრო ხელმძღვანელობის მოთხოვნით საქართველოს მთავრობა მისი დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებდა (1918 წ.). პოლონელ სამხედროებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცეს და საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიზნით გარკვეული თანხაც კი გამოყო. 1918-1924 წლებში მრავალი პოლონელი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო დარჩენილთა ნაწილი სტალინური რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რეპრესირებული პოლონელები ყაზახეთში გადაასახლეს.
1926 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3159 პოლონელი ცხოვრობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვი ზუსტი არ უნდა იყოს, ვინაიდან მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, კონკრეტულად კი რეპრესიების შიშით, ბევრი პოლონელი მალავდა თავის ეთნიკურ წარმომავლობას და რუსად ან უკრაინელად ეწერებოდა.
1926-1927 წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა ეროვნულ უმცირესობათა 359 სკოლა, სადაც სწავლება მოსწავლეთა მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა. მათ შორის ერთი პოლონური სკოლაც იყო. 1926 წლისთვის თბილისში, კალინინის ქ.№59-ში, განთავსებული იყო კარლ ლიბკნეხტის სახელობის დასავლეთის ეროვნულ უმცირესობათა კლუბი, რომელიც კულტსაგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა საქართველოში მცხოვრებ დასავლური წარმომავლობის მქონე ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენელთა შორის. კლუბის წევრების რაოდენობა 371 ადამიანს შეადგენდა. კლუბს ჰქონდა 7 სექცია, მათ შორის ერთი პოლონური.
II მსოფლიო ომის დროს, პოლონეთისათვის მეტად ტრაგიკულ პერიოდში, საქართველომ დიდი დახმარება აღმოუჩინა პოლონელებს. როგორც ცნობილია, 1939
წელს სსრკ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირებულ რეჩ-პოსპოლიტას აღმოსავლეთი მხარის მოსახლეობას სსრკ მოქალაქეობა მიანიჭეს. ამდენად, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის (22. 06. 1941) შემდგომ დაიწყო პოლონელთა მიგრაცია, რომლის შედეგადაც პოლონელ ლტოლვილთა ცალკეული ჯგუფები სსრ კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში აღმოჩნდნენ. მათზე ზრუნვა იტვირთა პოლონეთის საელჩომ მოსკოვში (შემდეგ — კუიბიშევში). საქართველოში ლტოლვილ პოლონელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი ჩამოვიდა. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, II მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოში 10 000 პოლონელი იმყოფებოდა. ისინი საქართველოს მრავალ ქალაქსა და სოფელში ცხოვრობდნენ. პოლონელთა ყველაზე დიდი სათვისტომოები 1943 წლისათვის თბილისში, ბათუმში, ბოლნისში, ბორჯომში, ხაშურში, ჭიათურაში, ჩოხატაურში, გეგეჭკორში, გორში, კულაშში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, სამტრედიაში, სტალინირში (ცხინვალში), სოხუმში, ტყიბულში, ზესტაფონსა და ზუგდიდიში იყო. საქართველოში პოლონელი ლტოლვილები უსაფრთხო და მყუდრო პირობებში იმყოფებოდნენ. მათ თავიდანვე დაამყარეს კავშირი ადგილობრივ პოლონურ ორგანიზაციებთან. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში (გორში, შემდეგ სტალინირში, ქუთაისში) პოლონელთა საქმეების საწარმოებლად საოლქო ფონდები შეიქმნა, რომლებიც პოლონეთის საელჩოსაგან და უცხოეთიდან იღებდნენ დახმარებას. დაიწყო პოლონელი მოსახლეობის აღწერა და საორგანიზაციო სამუშაოების წარმოება.

საბჭოთა კავშირში მცხოვრებ პოლონელთა მდგომარეობაზე მნიშვნელნად იმოქმედა სსრკ-სა და პოლონეთს შორის ურთიერთობის გამწვავებამ. 1942 წლის ივლისში ხელისუფლებამ გააუქმა პოლონეთის სალჩოს ტერიტორიული წარმომადგენლობები და მათი თანამშრომლების უმრავლესობა დააპატიმრა. დაარსდა «პოლონელ პატრიოტთა კავშირი» (პპკ), რომელსაც საბჭოთა კავშირში მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვა დაევალა. 1943 წელს საქართველოში შეიქმნა ამ კავშირის 3 ტერიტორიული წარმომადგენლობა. სამხარეო სამმართველოები იყო თბილისში (1944 წელს იგი პპკ-ს რესპუბლიკის სამმართველოდ გადაკეთდა), ქუთაისსა და გორში. 1944 წელს სტალინირში შეიქმნა დროებითი საოლქო სამმართველო. საქართველოს ხელისუფლებამ პპკ-ს გამოუყო კლუბები და ქოხ-სამკითხველოები, სადაც პოლონელები პოლიტიკურ საღამოებს აწყობდნენ. თბილისის პპკ-ს ხელისშეწყობით, მსგავსი ორგანიზაციები შეიქმნა ერევანსა და ბაქოში. პოლონელი ლტოლვილები, ძირითადად, საწარმოებში მუშაობდნენ ან ხელოსნობას მისდევდნენ. საქართველოში არ იყო პოლონური სკოლები და ამიტომ ახალგაზრდა თაობა განათლებას პოლონურად ვერ იღებდა. ისინი, ძირითადად, რუსულ სკოლებში სწავლობდნენ.
1944 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 4 208 პოლონელია აღრიცხული. ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა მათი სამშობლოში დაბრუნების გამო. 1944 წელს ლიტვის, ბელორუსიისა და უკრაინის მთავრობებთან დაიდო ხელშეკრულებები პოლონელთა რეპატრიაციის თაობაზე. საქართველოსთან ასეთი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ამიტომაც ქვეყნიდან პოლონელთა გადინება თვითნებურად ხდებოდა. უკვე 1945 წლისათვის პოლონელთა რაოდენობა საქართველოში 1 068 კაცამდე შემცირდა, ამათგან 396 თბილისში ცხოვრობდა. მათი რაოდენობა ნახევარ წელიწადში 259-მდე დავიდა. ქუთაისიდან პოლონური მოსახლეობის 90% წავიდა.
საქართველოში მცხოვრებ პოლონელებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან, საზოგადო მოღვაწეებთან. დიდია პოლონელთა დამსახურება საქართველოს ყოფისა და კულტურის განვითარების საქმეში. პოლონელებმა დიდად შეუწყვეს ხელი მთლიანად ქვეყნისა, თუ მისი ამა თუ იმ მხარის შემდგომ წინსვლას. ინტერესდებოდნენ საქართველოს ბუნებით, წერდნენ ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომებს, ხატავდნენ და ა.შ. საქართველოში მცხოვრებ პოლონელთა შორის იყვნენ მწერლებიც, ე.წ. პოლონური კავკასიური პოეზიისა და პროზის შემქმნელები: ტადეუშ ლადა-ზაბლოცკი (1813-1847), ვოიცეხ პოტოცკი (1801-1848), კაზიმეჟ ლაპჩინსკი (1823-1892). ამ უკანასკნელმა პოლონურად თარგმნა შოთა რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი». ცნობილია მისი ნაშრომები საქართველოს მცენარეთა გეოგრაფიასა და ფლორისტიკაში. ამავე დროს, ის სამხედრო ინჟინრად მუშაობდა კავკასიის რკინიგზის მშენებლობაზე. ცნობილ ლიტერატორთა შორის შეიძლება დავასახელოთ მ. გრალევსკი და ბ. სტსელნიცკი.
უზარმაზარია პოლონელ მხატვართა — ზ. ვალიშევსკის, ნ. სკლიფასოვსკის, გ. ჰრინევსკის, კ. ზდანევიჩისა და სხვათა ღვაწლი ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში. კირილე ზდანევიჩსა და მის ძმას, ილიას (მწერალსა და ხელოვანს, ქართული ავანგარდის ლიდერს), ზიგმუნდ ვალიშევსკისთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვით ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციაში. კ. ზდანევიჩმა ნ. ფიროსმანაშვილის ნახატების საკუთარი კოლექცია უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. მასვე ეკუთვნის ნ. ფიროსმანაშვილზე დაწერილი მონოგრაფია.
საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის ჰენრიეტა იუსტინსკაიას თაოსნობით, 1999 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში და 2001 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში მოეწყო საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე პოლონელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა.
ქართული ბუნებისმეტყველების განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ლუდვიკ მლოკოსევიჩმა (1831-1909). მან დააარსა საქართველოში პირველი ნაკრძალი ლაგოდეხში. ვლადისლავ ბაგრინოვსკიმ 1839 წელს დააპროექტა და საფუძველი ჩაუყარა სოხუმის ბოტანიკურ ბაღს, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო.
კავკასიის არმიის მთავარი ქირურგი იან მინკევიჩი (1826-1897) იყო, აგრეთვე, ეთნოგრაფი, ანთროპოლოგი და საზოგადო მოღვაწე. მან დააარსა კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, ერთ-ერთი დამფუძნებელია თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში კათოლიკური საქველმოქმედო საზოგადოებისა “
Dobroszynność”.
პოლონელმა არქიტექტორებმა დააგეგმარეს და ააგეს მრავალი შენობა მეფეთუბანში (მიხეილის, შემდგომ პლეხანოვის, ამჟამად დავით აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც ტოვარნიცკიმ დააპროექტა 1835 წელს). 1882 წელს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის პირველი უფროსი პოლონელი ინჟინერი, რკინიგზელი იოსებ კოზლოვსკი იყო (რკინიგზის ეს ხაზი ბათუმს, ფოთს, ბაქოს ცენტრალურ კავკასიასთან — თბილისთან აკავშირებდა).
აღსანიშნავია ისტორიკოს ნინა კოზლოვსკაიას პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობა. იგი ძველ ისტორიას ასწავლიდა, ავტორია მსოფლიო ხელოვნების 4 ალბომისა.
კავკასიაში პოლონელთაგან დღეს ყველაზე მეტი საქართველოში ცხოვრობს (დაახლ. 1100 კაცი), მათი უმრავლესობა თბილისის მკვიდრია. საქართველოს პოლონელები, ძირითადად, კათოლიკეები არიან. ბევრმა მათგანმა შერეული ოჯახები შექმნა და სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს დაუნათესავდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავალმა პოლონელმა ასიმილაცია განიცადა, ეთნიკური თვითშეგნება და კულტურული ტრადიციები არ დაუკარგავთ, ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ პოლონეთის ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს (11 ნოემბერს), ზრუნავენ ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მხატვრობის, ზოგადად, კულტურის განვითარებაზე.
საქართველოში დაფუძნებულმა პოლონელებმა შექმნეს ორგანიზაცია «ქართული პოლონია», რომელიც რაოდენობრივად ნელ-ნელა გაიზარდა. «ქართული პოლონია» საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. მას თავისი წარმომადგენლობები აქვს თბილისში, ახალქალაქში, გომბორში, ბათუმში, ქუთაისში, სოხუმში, ცხინვალში, ლაგოდეხსა და ფოთში. «ქართული პოლონია», ძირითადად, ჰუმანიტარული და ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლებს აერთიანებს.
საქართველოში მოქმედებს პოლონეთის საგანმანათლებლო ცენტრი, სამხრეთ საქართველოს პოლონელთა კავშირი, კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება «პოლონია», დედოფალ იადვიგას სახელობის პოლონური საკვირაო სკოლა და «პოლონური სახლი», რომლებსაც დახმარებას უწევენ პოლონური ორგანიზაციები. თბილისში არის დედოფალ იადვიგას სახელობის პოლონური საკვირაო სკოლა. აქ მოსწავლეები სწავლობენ პოლონურ ენას, ეცნობიან პოლონეთის ისტორიასა და კულტურას. პოლონური წარმოშობის მოსწავლებს გარდა, სკოლაში სხვა ეთნიკური წარმოშობის თბილისელებიც დადიან. პოლონური სკოლის ოცმა კურსდამთავრებულმა სწავლა პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძო.




სტატიის ავტორი ნათია ჯალაბაძე;
მასალა აღებულია წიგნიდან – "ეთნოსები საქართველოში", საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008წ.



megobari saitebi

   

01.10.2014