ივანე ჯავახიშვილი

(1876-1940)

ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11 (23) აპრილს ქალაქ თბილისში, პედაგოგის ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილის ოჯახში. აქ პატარა ივანე ქართულ წესსა და რიგზე იზრდებოდა, მას ქართული ენისა და მშობლიური ხალხისადმი, მისი დიდი წარსულისადმი ინტერესი ოჯახშივე, ბავშვობიდანვე ენერგებოდა. ამას მცირე მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ გავიხსენებთ რა ეპოქას ემთხვევა ივანე ჯავახიშვილის ბავშვობა. მისი ბავშვობისა და სიჭაბუკის პერიოდი –– გასული საუკუნის 80-იანი წლები — რუსეთში რეაქციის არნახული თარეშის ხანა იყო, რაც ალექსანდრე II-ის მოკვლას თან მოჰყვა. გამწვავდა როგორც სოციალური, ისე ეროვნული ჩაგვრა.
ivane javaxiSvili
ცარიზმმა, კერძოდ, აშკარად აიღო გეზი იმპერიაში შემავალი არარუსი ხალხების გარუსებაზე — ყოველმხრივ ავიწროებდა მათ ენებსა და კულტურას და ცდილობდა საბოლოოდ განედევნა ისინი საზოგადოებრივი ასპარეზიდან. სასწავლებლებში სასტიკად იდევნებოდა ყოველივე პროგრესული, არარუსულ რეგიონებში, კერძოდ საქართველოში კი აგრეთვე ყოველივე ეროვნული, ქართული. ივანე ჯავახიშვილის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეთა საზოგადოებრივმა საქმიანობამ და იდეოლოგიამ. 1885 წელს ივანე ჯავახიშვილმა სწავლა დაიწყო თბილისში, პროგიმნაზიაში, ხოლო 1888 წელს იგი გიმნაზიის მეორე კლასში ჩაირიცხა, სადაც მან 1895 წლამდე დაჰყო. სწორედ აქ, გიმნაზიაში, სასტიკად იდევნებოდა ყოველივე პროგრესული და ამასთანავე ყოველივე ქართული, ეროვნული. გარუსების ტენდენცია და ქართული კულტურის დევნა სულს უხუთავდა ქართველ შეგნებულ მოწაფეობას.
გიმნაზიაში შეგნებული ქართველი ახალგაზრდობა დამოუკიდებლად სწავლობდა ქართულ ენას, ქართულ ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას. ამათ შორისაც, თავისი ენერგიითა და საქმისადმი თავდადებით, როგორც გვიმოწმებენ თანამედროვენი, გამოირჩეოდა ივანე ჯავახიშვილი. მას უკვე გიმნაზიაში აშკარად ემჩნეოდა ინტერესი ჰუმანიტარული საგნებისადმი — გატაცებით სწავლობდა ლიტერატურას, ისტორიას, ძველსა თუ ახალ ენებს, ყველაზე უფრო გატაცებული იგი, ამავე დროს, საკუთრივ ისტორიით იყო. უკვე ამ დროს იგი საინტერესო რეფერატებსა და მოხსენებებს წერდა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხზე, აგრეთვე ზოგიერთი გამოჩენილი ევროპელი ისტორიკოსის შემოქმედებაზე. მისი პასუხები ისტორიის გაკვეთილებზე არასდროს არ იყო გაზეპირებული და ტრაფარეტული, ამავე დროს ამომწურავად გადმოსცემდა იმ ეპოქის სულს, რომელზედაც მოგვითხრობდა.
1895 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილი შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე, სადაც სპეციალურ საგნად აირჩია საქართველოსა და სომხეთის ისტორიის შესწავლა. აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი იმ დროს პეტერბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძლიერ ფაკულტეტად ითვლებოდა. აქ ლექციებს კითხულობდა და სტუდენტებთან მუშაობდა ბევრი იმდროინდელი გამოჩენილი მეცნიერი. ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა ალ. ცაგარელთან, სომხურ ენასა და ლიტერატურას — ნიკო მართან, სპარსულ ენასა და ლიტერატურას — ვ. ჟუკოვსკისთან, აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას — ნ. ვესელოვსკისთან, რუსეთის ისტორიას — ს. პლატონოვთან, სირიულ ენას — პ. კოკოვცოვთან და ა. შ. უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ამ დროს რუსული აღმოსავლეთმცოდნეობის ბევრი სხვა კორიფე (ვ. როზენი, ვ. ბარტოლდი, ს. ოლდენბურგი და სხვ.), რომლებთანაც ურთიერთობამ, უეჭველია, კეთილმყოფელი გავლენა იქონია ახალგაზრდა მეცნიერზე. ივანე ჯავახიშვილმა შრომისადმი სიყვარულით და ბეჯითი სწავლით მალე მიიპყრო პროფესორთა ყურადღება, რომელთა ხელმძღვანელობით იგი, უკვე სტუდენტობის წლებში, აქტიურად ჩაება სამეცნიერო კვლევა-ძიებაში. მაღალ შეფასებას აძლევდა მას, კერძოდ, ქართულ-სომხური ფილოლოგიის ბურჯი პეტერბურგის უნივერსიტეტში — ნიკო მარი. ეს უკანასკნელი არ კმაყოფილდებოდა ივანე ჯავახიშვილთან საუნივერსიტეტო სავალდებულო ლექცია-სემინარების ჩატარებით, არამედ ხშირად ბინაზეც იწვევდა დამატებითი მუშაობის საწარმოებლად. იგი დიდად მოხიბლული იყო მისი ნიჭით, ფართო განათლებით და სწავლისადმი თავდადებით. ამასთან ერთად ივანე ჯავახიშვილი არც თავის საზოგადოებრივ და ეროვნულ იდეალებს ღალატობდა. იგი დიდ მუშაობას აწარმოებდა პეტერბურგში მოსწავლე ქართველ სტუდენტებთან. უნივერსიტეტში შესვლისთანავე ივანე ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს, რომლის წევრებიც, როგორც საკუთარ წრეში, ისე უფრო ფართო ასპარეზზე, ქართული ენისა და კულტურის შელახული პოზიციების აღდგენას ცდილობდნენ. სათვისტომოს წევრებმა, კერძოდ, სავალდებულოდ გაიხადეს ქართულად საუბარი, ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნა, ქართული პრესისათვის თვალის დევნება და ქართული წიგნებით ბიბლიოთეკის შევსება. სათვისტომო ცდილობდა ამ რიგის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩაება არა მარტო სტუდენტობა, არამედ პეტერბურგში მოღვაწე ყველა ქართველი. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დამყარდა კავშირი ამიერკავკასიიდან ჩამოსულ სხვა ეროვნების სტუდენტებთანაც და შეიქმნა "ამიერკავკასიის სათვისტომო". უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1899 წელს, ივანე ჯავახიშვილი აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დადგენილებით დატოვებულ იქნა საპროფესოროდ მოსამზადებლად. ორი წლის მუშაობის შემდეგ, 1901 წლის 27 იანვარს მან ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მიიღო "ქართული სიტყვიერებისმაგისტრანტის" ხარისხი.
უნივერსიტეტში სწავლისას ივანე ჯავახიშვილმა სოლიდური განათლება მიიღო. იგი დაეუფლა მთელ რიგ აღმოსავლურ, კლასიკურ და დასავლეთ-ევროპულ ენებს. თავისუფლად იყენებდა ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სპარსულ და სირიულ წყაროებს. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას (1898 წ.) ივანე ჯავახიშვილი ხანგრძლივად იმყოფებოდა გერმანიაში, ხოლო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ იგი კვლავ გაემგზავრა იქ ხანგრძლივ სამეცნიერო მივლინებაში. გერმანიაში მას მუშაობა უმთავრესად ბერლინის უნივერსიტეტში მოუხდა. აქ იგი ისმენდა საქრისტიანო აღმოსავლეთის იმდროინდელ ყველაზე გამოჩენილ სპეციალისტთა ლექციებს. ამასთანავე, ბევრ მათგანთან მას პირადი კონტაქტიც ჰქონდა. ივანე ჯავახიშვილმა გადაუშალა ამ სპეციალისტებს საქრისტიანო აღმოსავლეთის შესასწავლად ქართული მასალების გამოყენების მომხიბლავი პერსპექტივები. ამიტომ იყო, რომ გერმანიაში ყოფნის დროს მან არაერთი წინადადება მიიღო ძველი ქართული მწერლობის ძეგლების გერმანულად თარგმნისა და სათანადო გამოკვლევებითურთ გამოსაქვეყნებლად. ზოგი ამ რიგის სამუშაო მან გერმანიაში ყოფნის პერიოდში შეასრულა და დასტამბა კიდეც; პროფ. ა. ჰარნაკის ხელმძღვანელობით, კერძოდ, მოამზადა "ევსტათი მცხეთელის მარტვილობის" გერმანული თარგმანი გამოკვლევითურთ (ეს ნაშრომის დაიბეჭდა 1901 წელს "პრუსიის სამეფო აკადემიის" სამეცნიერო ორგანოში), ხოლო კ. შულცესთან ერთად გერმანულად გადათარგმნა და გამოკვლევა დაურთო იოანე საბანის ძის "აბო თბილელის წამებას". ცნობილია, რომ პროფ. ა. ჰარნაკი, მოხიბლული ივანე ჯავახიშვილის ღრმა ცოდნით, დაბეჯითებით სთხოვდა მას ბერლინის უნივერსიტეტში დარჩენილიყო სამუშაოდ. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 1902 წელს ივანე ჯავახიშვილი ნიკო მართან ერთად გაემგზავრა შუასაუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს საზღვარგარეთულ კერაში — სინას მთაზე, იქ დაცული ძველი ქართული ხელნაწერების გამოსავლინებლად და შესასწავლად. ორი დიდი მეცნიერის ამ ექსპედიციამ ქართულ მწერლობას ბევრი ახალი, მანამდე უცნობი ძეგლი შესძინა.
მრავალი მანამდე უცნობი ძველი ქართული სამწერლობო ძეგლი იქნა გადმოწერილი ან ფოტოგრაფირებული. ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, ვიდრე 1917 წლამდე, ივანე ჯავახიშვილი ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. მან აქ  სომხურ-ქართული სიტყვიერების კათედრაზე — პრივატ-დოცენტის თანამდებობა დაიკავა. ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა მთელ რიგ სპეციალურ სალექციო კურსებს საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში, აგრეთვე ამ ქვეყნების ისტორიის წყაროთმცოდნეობასა და ისტორიის დამხმარე დისციპლინებში. საქმე ეხებოდა არა ზოგად, არამედ ძირითადად სპეციალურ სალექციო კურსებს, რომლებიც თვით მკვლევარის სამეცნიერო ძიების შედეგების გადმოცემას წარმოადგენდა. ივანე ჯავახიშვილის ღრმა მეცნიერული, შინაარსიანი ლექციები დიდ ინტერესს იწვევდა სტუდენტთა შორის. აღსანიშნავია, რომ ამ ლექციებს ხშირად ესწრებოდნენ სხვა ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების სტუდენტებიც. დამახასიათებელია, რომ ამ ლექციებს არა მარტო რუსულად, არამედ, როდესაც აუდიტორიის შემადგენლობა ამის საშუალებას იძლეოდა, ქართულადაც კითხულობდა.
1907 წლის 13 მაისს ივანე ჯავახიშვილმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე: "ძველი საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება". ოფიციალურ ოპონენტებად ისეთი გამოჩენილი მეცნიერები გამოვიდნენ, როგორებიც იყვნენ ნ. მარი და ვ. ბარტოლდი. აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ ივანე ჯავახიშვილს ქართული სიტყვიერების მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა. მართალია, ივანე ჯავახიშვილის შემოქმედებით მუშაობაში ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა რევოლუციის შემდგომი პერიოდი, როდესაც იგი საქართველოში მოღვაწეობდა, მაგრამ რევოლუციამდელ ხანაშიც, პეტერბურგის უნივერსიტეტში ყოფნისას, მან შექმნა არაერთი პირველხარისხოვანი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაც საქართველოს ისტორია და მისი მომიჯნავე დარგები ერთბაშად ახალ, იმ დროის მსოფლიო მეცნიერების დონეზე აჰყავდათ. ამ დროს შეიქმნა და გამოქვეყნდა, კერძოდ, მისი კაპიტალური ნაშრომების "ქართველი ერის ისტორიის", "საქართველოს ეკონომიური ისტორიის", "ძველი ქართული საისტორიო მწერლობის" პირველი ვარიანტები. აგრეთვე, პეტერბურგში 1906 წელს მან მოახერხა რუსულ ენაზე გამოექვეყნებინა ცარიზმისადმი მძაფრი სიძულვილით გამსჭვალული ბროშურა "პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში". ამ ნაშრომის გამოსვლის გამო ივანე ჯავახიშვილი სამართალში მისცეს; სასამართლოს დადგენილებით ეს შრომა მავნე წიგნად გამოცხადდა, აიკრძალა და ტირაჟის დიდი ნაწილი მოისპო. თვით ავტორი ამის შემდეგ დიდხანს პოლიტიკურად არასაიმედოდ ითვლებოდა.
არდადეგების დროს ივანე ჯავახიშვილი საქართველოს მოაშურებდა ხოლმე და თბილისში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში საჯარო ლექციებს კითხულობდა საქართველოს ისტორიასა და ქართული კულტურის ისტორიაში. ამ ლექციებს ქართველი საზოგადოება დიდი ინტერესით ხვდებოდა. ივანე ჯავახიშვილის ლექციები ქართველ ხალხს აყვარებდა სამშობლოს, უნერგავდა უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის სურვილს. იმდროინდელი ქართული პრესა გულთბილად და აქტიურად ეხმაურებოდა ამ ლექციებს და მაღალ შეფასებას აძლევდა მათ მეცნიერულ დონესა და საზოგადოებრივ მნიშვნელობას. ივანე ჯავახიშვილი ადრიდანვე სამოღვაწეო ასპარეზზე ჩანს, როგორც პროგრესისათვის აქტიური მებრძოლი, რომლისათვისაც მეცნიერული მუშაობაც საზოგადოებრივი აქტივობის ერთ-ერთი ფორმათაგანია. ქართული უნივერსიტეტის შექმნისათვის აქტიური მუშაობა ივანე ჯავახიშვილმა ადრე დაიწყო. 1907 წელს პეტერბურგში მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსდა ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე, რომლის საქმიანობაც მრავალი მხრით ქართული მეცნიერების აღორძინებისა და მომავალი ქართული უნივერსიტეტის შექმნისათვის პირობების მომზადებას ემსახურებოდა. ამ წრეში მოხსენებები იწერებოდა და იკითხებოდა ქართულად, მსჯელობაც ქართულად წარმოებდა. დღეს ეს შეიძლება ბევრს არაფრად მოეჩვენოს, მაგრამ იმ პირობებში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამით მუშავდებოდა ჩვევები ქართულ ენაზე მეცნიერული მეტყველებისა: "ახალგაზრდობამ, — ამბობდა შემდეგ ივანე ჯავახიშვილი, — აქ ენა გაიკვეთა და მოიპოვა უნარი მეტყველებისა, რომელიც მანამდე არ ჰქონდა". "ქართული კულტურის შესწავლა, ქართული კულტურის ცოდნა, — განაგრძობდა იგი, — მოგვცემდა საშუალებას იმ ძველი მარაგის გამოსაყენებლად, რომელზედაც უნდა აღმოცენებულიყო, თუ გნებავთ, მკვდრეთით აღმდგარიყო ძველი ქართული მეცნიერება, ოდესღაც მდიდარი, მაგრამ შემდეგ დაკნინებული". სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა მის მიერ შექმნილი სამეცნიერო წრის მეცადინეობა, რათა შექმნილიყო საქართველოსა და ქართველთა შესახებ დაწერილი ყველა თხზულებისა თუ ცნობების ბიბლიოგრაფია, აგრეთვე შემუშავებულიყო სათანადო ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია. რა თქმა უნდა, "წრე" ისმენდა და განიხილავდა საკუთრივ სამეცნიერო გამოკვლევებსაც. 1915 წელს "წრემ" სამეცნიერო წერილების კრებულიც გამოსცა, რომელიც არაერთ საგულისხმო გამოკვლევას შეიცავდა. ივანე ჯავახიშვილი იმედოვნებდა, რომ სტუდენტთა სამეცნიერო წრე შექმნიდა სათანადო პირობებს მომავალში ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული ცენტრის პეტერბურგიდან საქართველოში — თბილისში გადმოსატანად. ამ მიზანს ემსახურებოდა თვალნათლივ "წრის" ის ღონისძიებაც, რომელიც 1911 — 1912 წლებში განხორციელდა — დაიგზავნა ანკეტები რუსეთისა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში (პეტერბურგის, მოსკოვის, კიევის, ტარტუს, ვარშავის, ოდესის, ყაზანის, ხარკოვის, ტომსკის, იაროსლავლის, ბერლინის, ლაიფციგის, პარიზის, ბრიუსელის) იმის გამოსარკვევად, თუ სად რამდენი ქართველი სტუდენტი სწავლობდა და სახელდობრ რომელ დარგებში სპეციალდებოდა. ამ აღრიცხვამ "წრის" წევრებს დაანახვა, თუ რა მრავალრიცხოვანი იყო ქართველი სტუდენტობა, რა მრავალფეროვანი იყო მისი ინტერესები — არ დარჩენილა მეცნიერების, ხელოვნებისა და ტექნიკის ისეთი სფერო, რომელშიც ქართველი სტუდენტები არ იღებდნენ განათლებას. ამან აშკარა გახადა, რომ ქართული უმაღლესი სასწავლებლის შექმნა ახლო მომავალში სავსებით უზრუნველყოფილი იქნებოდა.
1917 წელს, რუსეთში მომხდარი რევოლუციის  შემდეგ, ჯერ კიდევ შორეულ პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა იგრძნეს, რომ დგებოდა მათი დიდი ხნის ოცნების — თბილისში ქართული უნივერსიტეტის შექმნის — პრაქტიკული განხორციელების დრო. ივანე ჯავახიშვილი ჩამოდის თბილისში და სათავეში უდგება ქართველ მოღვაწეთა იმ ჯგუფს, რომელმაც მალე, 1918 წლის 26 იანვარს მიაღწია კიდეც ქართული უნივერსიტეტის დაარსებას თბილისში. გადასალახავი აღმოჩნდა უამრავი, მათ შორის ფინანსური ხასიათის დაბრკოლება, აგრეთვე ბევრი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ წამოწყებისადმი. ბევრი თვით ქართველ საზოგადოებაშიც ეჭვის თვალით უყურებდა ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეას, რასაც ასეთი გატაცებით იცავდა იმ დროს ივანე ჯავახიშვილი. "რამდენი იყო ჩვენში 1917 წელს — ამბობდა შემდეგში იგი, — ისეთი განათლებული ქართველი, რომელსაც ან მთელი ეს კამათი სასაცილო გულუბრყვილობად მიაჩნდა, ანდა მის გაგონებაზე ღიმილი მოსდიოდა. რამდენი გვყავდა ბრძენი დამრიგებელნი, ჭკუის მასწავლებელნი და წინასწარმეტყველნიც კი, რომელნიც, მათი ღრმა რწმენით, სრულებით უნიადაგო და უიმედო განზრახვისაგან ხელის აღებას გვირჩევდნენ. ისეთებიც ხომ იყვნენ, მათ შორის მეცნიერებიც კი, რომელთაც მთელი ეს გეგმა და დაწყებული საქმე თვით ქართველებისათვისავე დამღუპველად ჰქონდათ პრესაშიც კი აღიარებული: კულტურული დაქვეითების მეტი არაფერია საქართველოს მეცნიერული აზროვნებისათვის ამ გეგმის განხორციელებისაგან მოსალოდნელიო და, ამავე დროს, იგი პეტერბურგში დიდი გაჭირვებითა და ხანგრძლივი მუშაობით შექმნილი სომხურ-ქართული ფილოლოგიის ერთ-ერთი კერის გავერანებას უდრისო". ივანე ჯავახიშვილი გამოდის ლექცია-მოხსენებებით და საზოგადოებას უმტკიცებს ქართული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობას. "დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას, — აღნიშნავდა იგი, — ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს". სამეცნიერო ჯგუფმა გაშალა ფართო მუშაობა უნივერსიტეტისათვის საჭირო სახსრების შესაგროვებლადაც. მართალია, დროებითმა მთავრობამ ფაქტიურად უარი თქვა თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნაზე და მის ნაცვლად აქ რუსული უნივერსიტეტის შექმნა გადაწყვიტა, მაგრამ ოქტომბრის დიდმა რევოლუციამ ამ მთავრობასთან ერთად მისი ეს განკარგულებაც გააუქმა და უნივერსიტეტის გახსნისათვის უკანასკნელი დაბრკოლებაც მოხსნა. ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილმა დაიკავა იმ დროს მასში არსებული ერთადერთი ფაკულტეტის — სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა. უნივერსიტეტის რექტორად მისი წინადადებით აირჩიეს იმ დროს რუსეთისა და საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილი ქართველი მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი. ეს უკანასკნელი შემდეგში თვითონ აღნიშნავდა: "ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება". უნივერსიტეტის გახსნის წინა დღეებში, 1918 წლის 23 იანვარს, ცნობილი ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი წერდა: "ივანე ჯავახიშვილმა იკისრა ყველაზე დიდი ტვირთი — გუთნისდედობა თვით ქართული მძიმე ღრმადმხვნელი გუთნისა... ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო. ქართული გიმნაზიის შენობა მან გვიქცია ეროვნული დიდების ტაძრად, მისი პირველი უნივერსიტეტის სავანედ". ივანე ჯავახიშვილისათვის უნივერსიტეტი მარტო სასწავლო დაწესებულება როდი იყო, იგი უნდა ყოფილიყო ამავე დროს მეცნიერული მუშაობის ცენტრიც და იგი ასეთად იქცა კიდეც. ამიტომ იყო, რომ მისი წიაღიდან სულ მალე წარმოიშვა ბევრი სხვა სამეცნიერო-პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. უკვე 1919 წელს ივანე ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა თბილისის უნივერსიტეტს.  იგი აირჩიეს მის რექტორად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 1926 წლამდე. ამის შემდეგაც, სიცოცხლის ბოლომდე, ხანმოკლე პერიოდის გარდა (1931 — 1933 წწ.) იგი უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. 1931 წლიდან ივანე ჯავახიშვილი აქტიურად მუშაობს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. იგი ჯერ იყო მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი, შემდეგ კი (1936 წლიდან) ისტორიის განყოფილების გამგეც. არ იყო სამუზეუმო მუშაობის არცერთი დარგი, რომლის გარდაქმნა-გაუმჯობესების საქმეში ამ დროს ივანე ჯავახიშვილს თავისი წვლილი არ შეეტანოს. განსაკუთრებით დიდი მუშაობა ჩაატარა მან 1937 წელს, შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთაველის ეპოქის ამსახველი გამოფენის მოსაწყობად, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, ქართული კულტურა მთელი თავისი სიდიადით გამოაჩინა და თავის მხრივ ბიძგი მისცა ჩვენში არქეოლოგიური კვლევა-ძიების გაშლას. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა და კონსულტაციას უწევდა არქეოლოგიურ სამუშაოებს დმანისში, ბოლნისში, გეგუთში, მცხეთაში. კარგად არის ცნობილი აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა ძველი ქართული სამწერლო ძეგლების გამოვლენის ან ეთნოგრაფიული მასალის შეკრების დარგში, მეცნიერული კადრების აღზრდის საქმეში და სხვ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ივანე ჯავახიშვილის მუშაობამ კიდევ უფრო ფართო აღიარება ჰპოვა. 1939 წელს იგი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1938 წელს იგი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. ამავე წელს იგი აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და, შემდეგ, მისი პრეზიდიუმის წევრადაც. ამომრჩევლებთან შეხვედრისას, 1938 წლის 4 ივნისს, იგი აღნიშნავდა: "მთელი ჩემი ორმოცწლიანი მოღვაწეობა განუყრელი იყო მეცნიერებისაგან. ეხლა კი თქვენ მანდობთ საპატიო სამუშაოს, ახალ, უაღრესად საპასუხისმგებლო ასპარეზზე. თუ მე რაიმეს გაკეთება შევძელი სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში მშრომელ მასათა შორის, ეს მხოლოდ კულტურული ფრონტის დიადი საქმის ყველა მონაწილის ერთობლივი ძალებითა და დაუღალავი შრომის წყალობით იყო, ამიტომ მე თქვენს ნდობას ვუყურებ არა იმდენად პირადად ჩემდამი, რამდენადაც ყველა საბჭოთა მეცნიერების მუშაკებისადმი ნდობას. ვარწმუნებ ჩემს ამომრჩევლებს, რომ მთელ ჩემს მოღვაწეობას, მთელ ჩემს ძალას მშრომელი ხალხისა და ჩვენი დიადი სამშობლოს კეთილდღეობას მოვახმარ".
სამწუხაროდ, არც მეცნიერებისა და არც საზოგადოებრივ ასპარეზზე საქმიანობის გაგრძელება ამის შემდეგ მას დიდხანს აღარ დასცალდა. 1940 წლის 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი უეცრად გარდაიცვალა თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში, საჯარო მოხსენების კითხვის დროს. სამი დღის შემდეგ დაკრძალეს მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტის ბაღში, პეტრე მელიქიშვილის გვერდით.



სტატიის ავტორი – გ. მელიქიშვილი;
მასალა ადაპტირებულია ლიდა კაპანაძის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;


სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://ka.wikiquote.org/ვიკიციტატა

http://www.amsi.ge

http://children.dsl.ge

http://www.tsu.edu.ge

http://www.tsu.edu.ge

http://burusi.wordpress.com/

http://www.manuscript.ge


 


megobari saitebi

   

01.10.2014