გვიანანტიკური და თანამედროვე საქართველოს ისტორიული პარალელები: გეოპოლიტიკური ასპექტი
"რაც ყოფილა ის იქნება,
რაც მომხდარა ის მოხდება და
არაფერი ახალი ამ მზის ქვეშ
არ ხდება"
სოლომონ ბრძენი
კავკასია და მისი გეოგრაფიულ-პოლიტიკური ცენტრი, საქართველო ოდითგანვე მსოფლიო კულტურულ-ისტორიული პროცესების მონაწილეა. ევრაზიის უნიკალური ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის ევროპისაკენ მოქცეულ ნაწილში მდებარეობის გამო, საქართველო მჭიდროდ იყო დაკავშირებული გარესამყაროსთან, რაც ხელს უწყობდა ქვეყნის სწრაფ პოლიტიკურ და კულტურულ დაწინაურებას. მაგრამ, მეორე მხრივ, იმავე ფაქტორის გამო, საქართველო ხშირად იყო მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთაA მისწრაფებებისა და ინტერესთა რეალიზაციის ასპარეზი, რაც ხშირად ქვეყნის სრული პოლიტიკური კოლაფსისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზიც ხდებოდა. ასე რომ, ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარეობამ იმთავითვე განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ფუნქციაცა და ისტორიული ბედიც. იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველო სხვადასხვა იმპერიათა შორის ბუფერული ზონა ან მათი შემადგენელი ნაწილი იყო. საქართველო ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობებში ერთდროულად ხიდსაც წარმოადგენდა და ბარიერსაც (1). იგი ცივილიზაციათაშორისი, კულტურათაშორისი სივრცეა, რომელიც როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ცივილიზაციური სისტემებისაგან იღებდა კულტურულ იმპულსებს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმოადგენდა ევროპა-აზიის ცივილიზაციათა გზაჯვარედინს, საქართველოზე დასავლეთიდან მომდინარე იმპულსების ხარისხი გაცილებით მაღალი იყო და ამავე დროს, თვით საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ორიენტაციაც უპირატესად დასავლურ ხასიათს ატარებდა. საქართველო ისტორიულ-ტიპოლოგიური თვალსაზრისით დასავლურ ცივილიზაციას ეკუთვნის. იგი დასავლური სამყაროს ნაწილია, ამ სამყაროს აღმოსავლურთან გადაკვეთის სივრცეში (2). ასე იყო საუკუნეთა მანძილზე და ასეა ახლაც.
XX ს. ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა და მრავალი ისეთ პროცესი დაიწყო, რომელთა წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო ძალთა მანამდელი ბალანსის პირობებში. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ქართული სახელმწიფო იმთავითვე უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დადგა. ქვეყნის შიდა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან ერთად, უმთავრესი გახდა საგარეო ვექტორის გამოკვეთა, ნაციონალური ტრადიციებისა და ეთნოფსიქოლოგიის შეფარდება თანამედროვე ცივილიზაციის მოთხოვნებთან და დღევანდელ მსოფლიოში კუთვნილი ადგილის განსაზღვრა.
საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური კურსი აიღო, რაც განპირობებული იყო არა მხოლოდ თანამედროვე მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური რეალობის ობიექტური შეფასებით, არამედ გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას ისტორიული ტრადიციებითაც. როგორც აღვნიშნეთ, საქართველო ორგანულად დასავლური სამყაროს ნაწილია. დასავლურ ცივილიზაციურ სივრცესთან საქართველოს ისტორიული კავშირები ჯერ კიდევ ანტიკურობიდან იღებს სათავეს. საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის ყველა კონკრეტულ მონაკვეთში, დასავლეთთან პირდაპირი კონტაქტების გაწყვეტა ყოველთვის ქართული სახელმწიფოებრიობის უმძიმესი კრიზისის მიზეზი ხდებოდა. XV ს. შუახანებიდან მოყოლებული, როდესაც საქართველო ხანგრძლივი დროით მოწყდა ევროპას და მუსულმანური ქვეყნების რკალში მოექცა, ქვეყნის ისტორიაში იწყება ყველაზე მძიმე პერიოდი. დასავლეთის მნიშვნელობა კარგად იყო გაცნობიერებული ქართულ პოლიტიკურ სამყაროში და ცალკეული მეფე-მთავრები ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ ევროპასთან იძულებით გაწყვეტილი კავშირის აღსადგენად, რასაც რამდენიმე საუკუნე დასჭირდა. ასე რომ, როდესაც ქვეყანას მიეცა დამოუკიდებელი არჩევანის უფლება, მან თავისი ბუნებრივი მოკავშირის ძებნა დასავლეთში დაიწყო.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს დაინტერესება დასავლეთით, ცალმხრივი არაა, და ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს საქართველოს მიმართ, ისეთივე ხანგრძლივი ისტორია აქვს, როგორიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას. დღევანდელ სიტუაციაში, როცა საქართველო ფაქტობრივად მთელ თავის სახელმწიფოებრივ პერსპექტივას დასავლეთს უკავშირებს, ევროატლანტიკური სივრცის აღმოსავლეთისაკენ ფორსირებული გაფართოების, გლობალიზაციისა და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის პირობებში, დასავლურ სამყაროსთან ისტორიული კონტაქტების გააზრება მრავალმხრივ ინტერესს იწვევს.
საქართველოს გეოპოლიტიკაში ჩვეულებრივ ისტორიულად ჩამოყალიბებული სამი ვექტორი არსებობს: ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი. მეოთხე, აღმოსავლეთის მიმართულებიდან საქართველოს ისტორიულად არ ემუქრებოდა უშუალო საფრთხე და ეს ვექტორი დამოკიდებული იყო სამხრეთის პოლიტიკაზე. ასე რომ, საქართველოს გეოპოლიტიკურად უწევდა სამი ძალის დაბალანსება, რომელთაგან ორი – ჩრდილოეთი და სამხრეთი, ისტორიულად ძლიერი იყო, ხოლო დასავლეთი სუსტი, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად საქართველოს მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის მიზეზიც ხდებოდა.
საქართველოს ისტორიის მთელ მანძილზე დასავლეთის ვექტორის განსაკუთრებული სიძლიერით ორი ეტაპი გამოირჩევა – გვიანანტიკური ხანა და თანამედროვე პერიოდი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში შემქმნილი პოლიტიკური რეალობა გვიანანტიკური ხანის რემინისცენციას წარმოადგენს და ისტორიული პარალელების სიმრავლით გამოირჩევა, რის გააზრებასაც, თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, წმინდა შემეცნებითთან ერთად განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. Gგვიანანტიკური ხანისა და თანამედროვე საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იკვეთება შემდეგი პარალელები:
1. დასავლეთი, როგორც ერთიანი პოლიტიკური აქტორი სამხრეთ კავკასიაში. დღევანდელი დასავლეთი, რომელიც ფაქტობრივად ერთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს წარმოადგენს და უკვე ეკონომიკურადაც თითქმის მაქსიმალურადაა ინტეგრირებული, თავის პირველსაწყისს გვიანანტიკურ ხანაში იღებს. Eევროპის უდიდესი ნაწილი არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი როგორიც დღესაა და როგორიც გვიანანტიკურ ხანაში იყო. თითქმის მთელი დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანება ერთ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში სწორედ გვიანანტიკურ ხანაში, რომის სახელმწიფოს ფარგლებში მოხდა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ რომის იმპერია თანამედროვე ევროპის წინამორბედადაა მიჩნეული. Mმაგ., ჯერ კიდევ თ. მომზენი ევროპულ ცივილიზაციას რომაულ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებული არეალის მორიგ კულტურულ წრედ მიიჩნევდა (3). რომის იმპერიამ მოახერხა ევროპისა და წინა აზიის უზარმაზარი სივრცეების ერთი პოლიტიკური ძალის ქვეშ გაერთიანება, მათი ეკონომიკური ინტეგრაცია და ერთიან გეოპოლიტიკურ სისტემად ფორმირება. იმპერიაში შემავალ ცალკეულ ქვეყნებს შორის საზღვრები მოიშალა, სამონეტო სისტემა გარკვეულწილად უნიფიცირებულ იქნა, ხელსაყრელი პირობები შეიქმნა სხვადასხვა ხალხებს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობისათვის (4). თანამედროვე ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესი, გლობალიზმი, ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება და ცივილიზაციათა დაახლოება, რა თქმა უნდა, განსხვავებულ ფორმებში, ანტიკურ პერიოდში უკვე მომხდარი პოლიტიკური პროცესების გარკვეულ ისტორიულ ანალოგიას წარმოადგენს. ასე რომ, როგორც ახლა, ისევე გვიანანტიკურ ხანაში საქართველოს ურთიერთობა უწევდა ფაქტობრივად ერთიან ევროპასთან.
2. სამხრეთის ფაქტორი საქართველოს გეოპოლიტიკაში გვიანანტიკურ და თანამედროვე ხანაში. როგორც უკვე აღინიშნა, სამხრეთის ვექტორი (ირანი, თურქეთი) საქართველოს გეოპოლიტიკაში ისტორიულად ყოველთვის ძლიერი იყო და საქართველოს სწორედ აქედან ემუქრებოდა უშუალო საფრთხე. ასე იყო საქართველოს ისტორიის თითქმის მთელ მანძილზე. ამ მხრივ ერთგვარ გამონაკლისს სწორედ გვიანანტიკური (ყოველ შემთხვევაში, I-III სს.) და თანამედროვე ხანა წარმოადგენს. ძვ.წ. I ს. 60-იან წწ. რომის მიერ წინა აზიაში ახალი პოლიტიკური წესრიგის დამყარების შემდეგ, ქართულ პოლიტიკურ სამყაროს სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფაქტობრივად მოეხსნა. ლუკულუსისა და პომპეუსის ძლევამოსილი აღმოსავლური ლაშქრობების შედეგად მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკა რადიკალურად შეიცვალა. თითქმის მთელი მცირე აზია რომაელთა ხელში გადავიდა. მითრიდატული პონტოს სამეფოს ტერიტორია რომის პროვინციად გამოცხადდა. ტიგრან II-ის ვრცელი და ძლიერი `დიდი არმენია~ დაიშალა და პატარა, მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ იქცა (5). არმენიისა და პონტოს ძლიერების პერიოდში იბერია გარკვეულწილად მათი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მისი პოლიტიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო. მძლავრი მეზობლების დაცემამ კი იბერიას ახალი პერსპექტივები გაუხსნა და მის გაძლიერებას შეუწყო ხელი (6). გარდა ამისა, ძვ. წ. I ს. 50-იანი წწ. ბოლოდან რომსა და პართიას შორის პერმანენტული დაპირისპირების დაწყებისა და ამ კონფრონტაციის შედეგად მახლობელ აღმოსავლეთში ე.წ. `პოლიტიკური დუალიზმის~ სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ (7), პართიის მთელი სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი მიმართული იყო რომის შეკავებისაკენ. ძვ. წ. I ს. შუახანებიდან დაწყებული, პართიის სამეფოს, მთელი მისი არსებობის მანძილზე, ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ან საკუთარი ტერიტორიების დაცვა, ან მაქსიმუმ ბრძოლა არმენიაში რომაელთა საბოლოოდ დამკვიდრების წინააღმდეგ და მისი პოლიტიკური აქტივობა იბერიას ვერ სწვდებოდა. ასე, რომ, რომის ექსპანსიის, ე.ი. დასავლეთის ვექტორის გაძლიერების შემდეგ, მთელი მცირე აზია გახდა ევროანტიკური ცივილიზაციის ნაწილი, ხოლო პართია დასუსტდა, რის შედეგად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ გაერთიანებებს სამხრეთიდან საფრთხე არ დამუქრებია.
გარკვეულწილად ანალოგიური პროცესები დღესაც შეიმჩნევა. თანამედროვე მცირე აზიაც რეალურად დასავლეთის ნაწილად მოიაზრება. ყოველ შემთხვევაში, თურქეთი NATO-ს წევრია, ხოლო მისი სწრაფვა `ვესტერნიზაციისაკენ~, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირებისაკენ შეუქცევადი. ამასთან, დასავლეთის ფაქტორის სიძლიერისა და, ასევე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, ჩრდილოეთის მიმართულებით ირანის ნაკლებაქტიურობის პირობებში, დღესაც და ახლო მომავალშიც, საქართველოს სამხრეთის მხრიდან უშუალო საფრთხე არ ემუქრება.
ამრიგად, როგორც გვიანანტიკურ ხანაში, ასევე საქართველოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაშიც, დასავლეთის ვექტორმა ფაქტობრივად გაანეიტრალა სამხრეთის ფაქტორი.
3. რომისა და თანამედროვე დასავლური, ევროატლანტიკური სივრცის სამხედრო-სტრატეგიული ინტერესები საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის ინტერესებში საქართველოს მიმართ გვიანანტიკური ხანიდან ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, და მას დღესაც იგივე ინტერესები ამოძრავებს ჩვენს რეგიონში, როგორიც რომაულ ხანაში. საქართველოს, და საერთოდ, ამიერკავკასიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკური სამყაროსათვის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რომს, რა თქმა უნდა, აინტერესებდა ამიერკავკასიის ქვეყნების ადგილობრივი ეკონომიკური რესურსები, მაგრამ მას აქ უპირველესად სამხედრო-სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებდა (8). კავკასიონის ქედი წარმოადგენდა ბუნებრივ საზღვარს ძველაღმოსავლური ცივილიზაციის ცენტრებსა და ჩრდილოეთის `ბარბაროსულ~ სივრცეს შორის. რომი სასიცოცხლოდ დაინტერესებული იყო ჩრდილოეთ კავკასიის საუღელტეხილო გადმოსასვლელების, პირველ ყოვლისა იბერიის ტერიტორიაზე არსებული დარიალისა, და ასევე დერბენტის (ალბანეთის ტერიტორიაზე) გადასასვლელის გაკონტროლებით, რათა აღეკვეთა იმიერკავკასიის `ბარბაროსული~ სამყაროს ექსპანსია სამხრეთისაკენ, აყვავებული რომაული პროვინციებისაკენ (9).
გარდა ამისა, ამიერკავკასია წარმოადგენდა ხელსაყრელ სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებზე რომის ძალაუფლების გასამტკიცებლად. პართია–რომის განუწყვეტელი დაპირისპირების შედეგად წინა აზიაში შექმნილი `პოლიტიკური დუალიზმის~ პირობებში, საქართველოს იმპერიისათვის უნდა უზრუნველეყო მტკიცე ზურგი და შეესრულებინა პლაცდარმის როლი პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში (10). სომხეთზე პოლიტიკური გავლენის განმტკიცება რომის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა მთელი პრინციპატის (ახ. წ. I-II სს.) მანძილზე. ამ პრობლემას აქტუალობა არც III ს. 20-იან წწ. პართიის სამეფოს ნანგრევებზე ახალი, ძლიერი სასანიდური ირანის სახელმწიფოს წარმოქმნისა და აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლის შემდეგაც არ დაუკარგავს (11). შესაბამისად, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, მისი როგორც სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმის ფუნქცია, კვლავ რჩებოდა რომის აღმოსავლური პოლიტიკის განსაკუთრებული ინტერესების სფეროში.
ამრიგად, რომის სტრატეგიული ინტერესები საქართველოს მიმართ განისაზღვრებოდა შემდეგი ორი ძირითადი ფაქტორით: საქართველო წარმოადგენდა ბარიერს ჩრდილოეთის `ბარბაროსული~ სამყაროს მიმართ და სამხედრო პლაცდარმს პართია-ირანის წინააღმდეგ. თანამედროვე ეტაპზეც, ევროატლანტიკური სივრცის აღმოსავლეთისაკენ გაფართოების პირობებში, ორივე ეს ფაქტორი კვლავ აქტუალურია და ფაქტობრივად წარმოადგენს დასავლეთის სამხედრო ბლოკის ძირითად ინტერესს საქართველოს მიმართ. საქართველო ახლაც რჩება დასავლეთის სტრატეგიულ-პოლიტიკური ინტერესების ძირითად პლაცდარმად მისი ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე ანტიდასავლურად განწყობილი გეოპოლიტიკური ძალების (რუსეთი, ირანი) წინააღმდეგ.
4. გვიანანტიკური და თანამედროვე დასავლური სამყაროს გეოეკონომიკური ინტერესები საქართველოს მიმართ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო ანტიკური დროიდანვე შედიოდა საერთაშორისო-საკომუნიკაციო ქსელში და წარმოადგენდა ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ჯერ კიდევ ელინისტური ხანიდან ამიერკავკასიაზე, მდ. ფასისსა და მტკვრის ხეობაში გადიოდა დიდი საერთაშორისო-სავაჭრო მაგისტრალი, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავიზღვისპრეთის ქვეყნებს აკავშირებდა შუა აზიასთან, ინდოეთთან და ჩინეთთან. ეს მაგისტრალი `აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზად~ იწოდებოდა. იგი ჩინეთში, სინძიანში იწყებოდა და ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ამ გზის ჩრდილოეთ განშტოება კავკასიის ზღვის, ალბანეთისა და იბერია-კოლხეთის გავლით ჩადიოდა ქ. ფასისში, აქედან კი საზღვაო კომუნიკაციებით მცირე აზიისა და ხმელშუაზღვისპირეთის ცენტრებს უკავშირდებოდა (12). საქართველოზე გამავალი მაგისტრალის მნიშვნელობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც გაძლიერებულმა პართიის სამეფომ ინდოეთისა და ჩინეთისაკენ მიმავალი სამხრეთის სატრანზიტო გზები გადაკეტა. სწორედ `დიდი აბრეშუმის გზის~ ჩრდილოეთ განშტოების, ტრანსკავკასიური მაგისტრალის რეალური პერსპექტივის შესწავლა და ამ რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობების შესახებ ანტიკურ სამყაროში არსებული ინფორმაციის რევიზია წარმოადგენდა კიდეც ძვ. წ. 65 წ. ამიერკავკასიაში რომაელთა სამხედრო ექსპენსიის ერთ-ერთ ძირითად მიზანს (13).
XX ს. მიწურულს დასავლეთმა კვლავ გაიხსენა ისტორიული `აბრეშუმის გზის~ არსებობა და დღის წესრიგში დააყენა მისი აღდგენის იდეა, რამაც, ბუნებრივია, ისევ აქტუალური გახადა საქართველოს საკომუნიკაციო ფუნქცია და იგი ევროპის სტრატეგიული ინტერესების სფეროში მოაქცია. `აბრეშუმის გზის~ აღდგენის ინიციატივა 1993 წ. ევროკავშირმა წამოაყენა, რაც 1999 წ. აშშ-ს მიერ იქნა მხარდაჭერილი (14). TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით მკვეთრად გაიზარდა საქართველოს მნიშვნელობა და მან კვლავ დაიბრუნა ის სატრანზიტო ფუნქცია, რაც ძველთაგანვე გააჩნდა.
თანამედროვე პირობებში `ახალი აბრეშუმის გზის~ აღდგენა ნავარაუდევია საყრდენი დარგობრივი პლაცდარმების _ ენერგეტიკისა და ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო სისტემის ბაზებზე (15). ამ გზას ჩვენი ქვეყნისათვის დღესაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ ამ სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ მდებარეობამ საქართველოს ე.წ. `სატრანზიტო ჰაბის~ ფუნქცია დაუმკვიდრა (16), მასზე გამავალი საერთაშორისო პროექტები (ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-არზრუმის მილსადენები და პერსპექტივაში `ნაბუკო~) განიხილება როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ევროკავშირის `ევროპის გაფართოების~ სტრატეგიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი (17), რაც, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელსაყრელია ჩვენი ქვეყნისათვის და მისი აღორძინებისა და სახელმწიფოებრიობის ყველაზე მყარ გარანტიას წარმოადგენს.
5. საქართველო შავიზღვისპირეთის გეოპოლიტიკურ სისტემაში გვიანანტიკურ და თანამედროვე ხანაში. შავი ზღვის რეგიონში Dდღეს მიმდინარე ისტორიული პროცესები გარკვეულ ანალოგიებს პოულობს გვიანანტიკურ ხანაში. შავიზღვისპირეთი ერთიანი გეოპოლიტიკური სისტემის ფარგლებში პირველად გვიანანტიკურ ხანაში მოექცა, როცა თითქმის მთელ რეგიონში პოლიტიკურად რომის იმპერია დომინირებდა. უფრო მეტიც, ძვ. წ. I ს. მიწურულიდან რომმა რამდენჯერმე სცადა იმპერიის ეგიდით ერთიანი შავიზღვისპირა მონარქიის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შესულიყო მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი. გარკვეული დროის განმავლობაში (ძვ. წ. 14-8 წწ.) ასეთი კონგლომერატი არსებობდა კიდეც პონტო-ბოსფორის გაერთიანებული სამეფოს სახით, თუმცა, იგი მალევე დაიშალა (18). ყოველ შემთხვევაში, ახ. წ. II ს. დასაწყისისათვის, დაკიის სამეფოს დაპყრობის შემდეგ, რომმა სრული სამხედრო-პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქცია თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი. ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, კოლხეთიდან ბოსფორის სამეფომდე არსებული `ბარბაროსული~ სივრცე, რომელზეც ვერ მოხერხდა რეალური კონტროლის დაწესება. ეს ფაქტი, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სიმპტომატურია თანამედროვე კონტექსტშიც. გარდა ამისა, რომის მიერ მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის გაერთიანებისა და ანტიკურობის უდიდეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ, იმპერიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავიზღვისპირეთის ინტეგრირება, ამ ორი რეგიონის ერთიან გეოპოლიტიკურ სისტემად ფორმირება.
ეს იდეა, რა თქმა უნდა, განსხვავებულ ფორმებში, დღესაც აქტუალურია. თანამედროვე ეტაპზეც, მაკროსტრუქტურული ცვლილებების ზეგავლენით, მკაფიოდ იკვეთება შავიზღვისპირეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ფუნქციური ინტეგრირებისა და შავიზღვისპირეთის ღია სისტემად ქცევის შესაძლებლობა. NATO-ში ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და სლოვაკეთის გაწევრიანების შემდეგ მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი, ბალკანეთი, შავი ზღვის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილი ერთი ძალის ხელში აღმოჩნდა, რაც ქმნის კიდეც წინაპირობებს შავიზღვისპირეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთიან პოლიტიკურ-გეოგრაფიულ, შესაბამისად, სტრატეგიულ რეგიონად ფორმირებისათვის (19). პერსპექტივაში მოსალოდნელია რომ ამ რეგიონის წევრები უკრაინა და საქართველოც გახდებიან. ყოველ შემთხვევაში, ისინი დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პრეტენდენტები არიან, ცდილობენ გახდნენ ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცის ნაწილი და ამით ევროპის რეალური საზღვარი აღმოსავლეთისაკენ გადაწიონ. ამის შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ ერთ სისტემად სტრუქტურირებულ მედიტერანულ-შავიზღვისპირა სივრცის შემადგენლობაში შავი ზღვის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილებიც შევა და ამ სივრცის გარეთ, ისევე როგორც გვიანანტიკურ ხანაში, მხოლოდ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი, დღეს უკვე რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ნაწილი დარჩება.
ასე რომ, თანამედროვე Aშავი ზღვის რეგიონის ტრანსფორმაციის მოსალოდნელი შედეგების სპეციფიკა თავისებურად ეხმიანება გვიანანტიკურ ხანაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს და ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავიზღვისპირეთის ერთიან გეოპოლიტიკურ სივრცედ ინტეგრირების იდეა თავის პირველსაწყისს ევროანტიკურ სამყაროში იღებს.
6. საქართველო_ რეგიონში დასავლური სამყაროს საყრდენი გვიანანტიკურ და თანამედროვე ხანაში. რომის ექსპანსიის შემდეგ აღმოსავლურქართული გაერთიანება – იბერიის სამეფო, სამხრეთ კავკასიაში რეგიონალურ ლიდერად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ, იბერია `რომაელი ხალხის მეგობარ და მოკავშირე~ ქვეყნად გამოცხადდა, რაც ფაქტობრივ ვასალობას ნიშნავდა, რომის ამიერკავკასიაში შემოსვლა იბერიისათვის ობიექტურად სასარგებლოც კი აღმოჩნდა (20). იგი, როგორც აღვნიშნეთ, განთავისუფლდა მძლავრი მეზობლებისაგან – პონტოსა და არმენიისაგან, ხოლო რომზე დამოკიდებულება ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. იბერიამ იმთავითვე პრორომაული კურსი აიღო და გახდა რომის ინტერესების ძირითადი გამტარებელი კავკასიაში. დღესაც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის საქმეში რეგიონში ლიდერის პოზიცია უკავია, რაც, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მისთვის მომგებიანი უნდა გახდეს.
7. საქართველოს ტერიტორიული პრობლემები გვიანანტიკურ და თანამედროვე ხანაში. ქართული პოლიტიკური სამყარო რომის გავლენის სფეროში მწვავე ტერიტორიული პრობლემებით შევიდა. ძვ.წ. 65 წ. როდესაც პომპეუსმა კოლხეთი რომის ხელდებულ ქვეყნად გამოაცხადა, იგი ცალკეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად, `სკეპტუხიებად~ იყო დაშლილი (21), ხოლო მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ჩრდილოკავკასიელი ტომების ექსპანსიის პროცესი, რომლებიც არბევდნენ ზღვისპირა ცენტრებსაც – დიოსკურიასა და პიტიუნტს (22). რაც შეეხება იბერიის სამეფოს, მას ამ პერიოდისათვის ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა სომხეთის მიმართ, რამდენადაც ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ს. დასაწყისიდან მიტაცებული ჰქონდა მისი სამხრეთის ოლქები – ხორძენე და გოგარენე (23). ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოსთვის დღესაც ყველაზე მტკივნეული საკითხია. ასე რომ, როგორც რომაულ-მედიტერანულ სამყაროსთან, ასევე თანამედროვე დასავლეთთან ურთიერთობების საწყის ეტაპზე, საქართველოსთვის ტერიტორიული პრობლემები კვლავაც აქტუალურია.
8. რომანიზაცია-ელინიზაციის პროცესი და თანამედროვე გლობალიზმი. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესიც გარკვეულ ანალოგიებს პოულობს გვიანანტიკურ ხანაში. რომის გრანდიოზული საგარეო ექსპანსიის, მის მიერ ევროპაში, აზიასა და აფრიკაში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობისა და პრაქტიკულად მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის გაერთიანების შემდეგ იწყება ახალი ეტაპი – იმპერიის შინაგანი გამთლიანების, რომისა და პროვინციების კულტურულ-ეკონომიკური ინტეგრაციის, დაპყრობილ ქვეყნებში ლათინური ენის, რომაული კულტურისა და ცხოვრების წესის გავრცელების, სხვადასხვა ისტორიული წარსულის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ხალხების იდეოლოგიური დაახლოების, იმპერიის პოლიტიკურ სისტემაში ჩართული ქვეყნების რომანიზაციის ხანა (24). რომანიზაციის ეპოქა დაიწყო რომის პოლიტიკური, ეკონომიკური და შემდეგ კი კულტურული ბატონობის დამყარებით. დაპყრობილი ქვეყნების რომანიზაციის პოლიტიკამ განსხვავებული სახე მიიღო აღმოსავლეთში. აქ ანტიკური სოციალურ-ეკონომიკური ნორმებისა და კულტურული ტრადიცების გავრცელება ელინიზაციის გზით მიმდინარეობდა (25). რომანიზაცია- ელინიზაციის პროცესი თავისი არსით გარკვეულწილად თანამედროვე გლობალიზაციის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს. ასე რომ, როგორც გვიანანტიკური, ასევე თანამედროვე საქართველოს წინაშე კვლავაც მწვავედ დგას მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში ქვეყნის კულტურულ-ცივილიზაციური იდენტურობის შენარჩუნების ამოცანა.
ამრიგად, თანამედროვე და გვიანანტიკური ხანის საქართველოს ისტორიაში იკვეთება ძალზე საინტერესო პარალელები. საქართველოს დღევანდელი მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება ცხადყოფს, რომ, მართალია, ვცხოვრობთ ახალ მსოფლიოში, თუმცა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ისტორიული პრობლემები მაინც აქტუალურია. ასეთ ვითარებაში უფრო ღრმად უნდა იქნეს გააზრებული ის შედეგები, რომელიც საქართველოს ანტიკურ რომთან ურთიერთობამ მოუტანა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ რომთან მრავალსაუკუნოვანმა, ინტენ¬სიურმა კონტაქტებმა ქართული პოლიტიკური სამყაროსათვის დადებითი შედეგები გამოიღო. იბერიის შესვლას რომის პოლიტიკურ ორბიტაში არ გამოუწვევია ადგილობრივი სახელმწიფოებრობის მოშლა, ტრადიციული სოციალური-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების დასუსტება. პირიქით, სწორედ რომის აღმოსავლური პოლიტიკიდან გამომდინარე, ახ. წ. I საუკუნიდან იბერია თანდათანობით რეგიონში ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ ყალიბდება. იბერიის მმართველი წრეები, ცდილობდნენ მაქსიმალურად ხელსაყრელად გამოეყენებინათ რომის ფაქტორი საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისა და თავისი სამეფოს საზღვრების გაფართოებისათვის. ამ მხრივ ისინი იმდენად მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ, რომ ახ. წ. I ს. 30-იანი წლებიდან იბრძვიან არა მარტო სომხეთის მიერ მიტაცებელი სამხრეთის ცალკეული ოლქების, არამედ საერთოდ მთელი სომხეთის შემოსაერთებლად. სწორედ რომის ამიერკავკასიაში შემოსვლის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში იბერიამ ახ. წ. I ს. მოახერხა დაკარგული სამხრეთის ტერიტორიების დაბრუნება და იმავე დროს აღმოსავლეთისკენაც, ალბანეთის მიმართულებით გაფართოება (26).
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ რომაული სამხედრო ნაწილების ჩადგომის შემდეგ, ვითარება სტაბილური გახდა. შეწყდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან მთიელი ტომების ექსპანსია, საქალაქო ცხოვრება გამოცოცხლდა და განადგურებული ქალაქები _ დიოსკურია და პიტიუნტი, კვლავ იბრუნებენ თავის ძველ დიდებას. გარდა ამისა, რაც მთავარია, ცალკეულ `სკეპტუხიებად~ დაშლილ კოლხეთში რომის დახმარებით იწყება ადგილობრივი ტომობრივი გაერთიანებების გამსხვილების პროცესი (27), რაც საბოლოოდ, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი ლაზიკის სამეფოს შექმნით დასრულდა.
ყოველივე ამასთან ერთად, ქართული პოლიტიკური გაერთიანებების ჩართვამ რომის პოლიტიკურ ორბიტაში გარკვეულწილად შეუწყო ხელი მოწინავე, მსოფლიო მნიშვნელობის რომაული კულტურის ცალკეული ელემენტების გავრცელებას. ამასთან, ელინიზაციის პროცესი საქართველოში ზედაპირულ ხასიათს ატარებდა, მას არ გამოუწვევია ადგილობრივი ყოფა-ცხოვრების, წარმოების წესის, კულტურის თვითმყოფადობის შეცვლა და ეს უკანასკნელი ისევ თავისთავადი, ტრადიციული გზით ვითარდებოდა.
და ბოლოს, რომაულ სამყაროსთან მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების მთავარი შედეგი იყო ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში, რამაც ფუნდამენტური როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქრისტიანობა გახდა ქართული კულტურული კოდის მთავარი ელემენტი, ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველი და კულტურული ევოლუციის სულიერი საყრდენი. ასე რომ, ევროანტიკურმა ტრადიციებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა საქართველოს შემდგომი ისტორიულ კულტურული განვითარების გზა, რომელიც დასავლური, ქრისტიანული სამყაროსაკენ იყო ორიენტირებული.
ამრიგად, გვიანანტიკურ ხანაში დასავლურ სამყაროსთან მჭიდრო კულტურულ-პოლიტიკურმა კონტაქტებმა საქართველოს უდავოდ პოზიტიური შედეგები მოუტანა. თანამედროვე ეტაპზე, ჩვენი სახელმწიფოს ეპოქალური ცვლილებების ზღურბლზე დგომის დროს, უფრო ღრმად უნდა იქნეს გააზრებული თანამედროვე ევროპის წინამორბედთან, რომის იმპერიასთან ხანგრძლივი ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება, რათა ზუსტად განისაზღვროს საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის პრიორიტეტები, ქვეყნის განვითარების კარდინალური მიმართულება და ფუნქციური პარამეტრები, რაც დაგვეხმარება საკუთარი ფასეულობებისა და ინტერესების უკეთ დაცვასა და იმავე დროს, თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ღირსეული, კუთვნილი ადგილის დაკავებაში.
გამოყენებული ლიტერატურა
1. Н. Чиковани. Единный Кавказ: Исторически обусловленная реальность или политические иллюзии? – Центральная Азия и Кавказ. №5 (41), 2005, gv. 53.
2. დ. ჯოჯუა. საქართველოს კულტურულ-ცივილიზაციური იდენტურობის საკითხისათვის (გლობალიზაციისა და ცივილიზაციათაშორისი ურთიერ¬თო¬ბების კრიზისის ფონზე). – კულტურათაშორისი კომუნიკაცი¬ები, #1, 2007, გვ. 108-112.
3. Т. Моммзен. История Рима. т.I, Ростов-на-Дону, 1997, გვ. 22.
4. В.И. Кузищин, И.А. Гвоздева. История Древнего Рима. М., 2005, გვ. 203-210.
5. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. (პოლიტიკური ურთიერთობები), თბ., 2005, გვ. 30.
6. კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო. თბ., 2005, გვ. 9.
7. იხ.: კ. ფიფია. პართია-რომის ურთიერთობა ძვ.წ. I ს. შუახანებში და `პოლიტიკური დუალიზმის~ სისტემის შექმნა წინა აზიაში. _ `კავკასიის მაცნე~, XII, თბ., 2005, გვ. 67-70.
8. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 39.
9. კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, გვ. 8.
10. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 39-40.
11. იხ.: კ. ფიფია. რომაული სამყაროს კრიზისი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი (ახ. წ. III ს.). თბ., 2006, გვ. 42-60.
12. ვ. გოილაძე. აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო. თბ., 1997, გვ. 120-122; ო. ლორთქიფანიძე. ვაჭრობა შავ ზღვაზე - `აბრეშუმის გზის~ ისტორიული წინამძღვარი. – ძიებანი, დამატებანი, I, 1999, გვ. 26-27.
13. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 29.
14. ე. ისმაილოვი, ვ. პაპავა. ცენტრალური კავკასია: გეოპოლიტიკური ეკონომიის ნარკვევები. თბ., 2007, გვ. 2, შენ. 1.
15. ე. ისმაილოვი, ვ. პაპავა. ცენტრალური კავკასია: გეოპოლიტიკური ეკონომიის ნარკვევები, გვ. 132-136; Р. Мирзоев. Транспортные коммуникации и геополитика в регионе великого щелкового пути. – Центральная Азия и Кавказ, №2 (38), 2005, გვ. 110-119
16. ე. ისმაილოვი, ვ. პაპავა. ცენტრალური კავკასია: გეოპოლიტიკური ეკონომიის ნარკვევები, გვ. 174.
17. ე. ისმაილოვი, ვ. პაპავა. ცენტრალური კავკასია: გეოპოლიტიკური ეკონომიის ნარკვევები, გვ. 184; ვ. პაპავა. ცენტრალური კავკაზია. გეოპოლიტეკონომიური ნარკვევები. თბ., 2009, გვ. 51.
18. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 38-41.
19. მ. სურმავა. შავი ზღვის რეგიონი ისტორიულ და პოსტისტორიულ პერსპექტივაში – რეგიონული ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებები. – ჟურნ.: `ქრისტიანული დემოკრატია~, #1, 2001, გვ. 123.
20. Н.Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотнощения. Тб., 1981, გვ. 115.
21. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 27.
22. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб., 1959, გვ. 365-376.
23. Н.Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотнощения, გვ. 80-81.
24. А.Б. Егоров. Рим на грани эпох. М., 1985, გვ. 4.
25. В.И. Кузищин, И.А. Гвоздева. История Древнего Рима, გვ. 203-207.
26. Н.Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотнощения, გვ. 178-179.
27. კ. ფიფია. კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეულ `სამეფოთა~ წარმოქმნის საკითხისათვის. _ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაცნე, #1, 2007, გვ. 156-162; კ. ფიფია. რომის აღმოსავლური პოლიტიკა და ცალკეული ,,სამეფოების~ წარმოქმნა კოლხეთში. თბ., 2009, გვ. 38-56.
სტატიის ავტორი _ კახაბერ ფიფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
სტატია გამოქვეყნდა კრებულში _ მარი ბროსე-210. თბილისი, 2012 w.
|